კრემლის მიერ 25 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა საფრანგეთს წინადადებით მიმართა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული მკვლევარის საკითხზე, რომელსაც 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ მოულოდნელმა საჯარო ჟესტმა ვინატიეს ოჯახს გაუჩინა იმედი, რომ ლორანი, შესაძლოა, მალე გათავისუფლდეს. ამის პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა და საფრანგეთმა ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის შესაძლო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი გამოხატეს. მაკრონი „მთლიანად არის მობილიზებული“ იმისთვის, რომ ვინატიეს გათავისუფლებას „რაც შეიძლება სწრაფად“ მიაღწიოს, – განაცხადეს მის ადმინისტრაციაში და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის მხარემ ფრანგი მკვლევარი, თავის დროზე, „თვითნებურად“ დააკავა. 49 წლის ვინატიე, რომელიც კონფლიქტების მოგვარების შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, 2024 წლის ივნისში დააკავეს და სამწლიან სასჯელს „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრაციის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო იხდის. ახლა მას ჯაშუშობის ახალი ბრალდებები წაუყენეს, რისთვისაც გაცილებით დიდი ხნით პატიმრობა ემუქრება. ვინატიე იმ დასავლელთა რიცხვში შედის, რომლებიც, მათი მთავრობების თქმით, მოსკოვს მძევლად ჰყავს აყვანილი.
„ჩვენსა და ფრანგებს შორის შესაბამისი კონტაქტები შედგა. ვინატიესთან დაკავშირებით წინადადება ფრანგებს ნამდვილად შევთავაზეთ“, – განუცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომელთა შორის სააგენტო „ფრანს პრესის“ წარმომადგენელიც იყო. პესკოვმა დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ „ბურთი ახლა საფრანგეთის მოედანზეა“. ვინატიეს ოჯახი აცხადებს, რომ რომ ლორანი რუსეთსა და საფრანგეთს შორის უკრაინის ომის გამო შექმნილი დაძაბული ურთიერთობების მსხვერპლია. ოჯახის ადვოკატის, ფრედერიკ ბელოს თქმით, იმედი აქვს, რომ ვინატიე მართლმადიდებლურ შობამდე, 7 იანვრამდე გათავისუფლდება. მისივე ცნობით, შესაძლებელია, მოხდეს პატიმართა გაცვლა, თუმცა აპირებს, ამ საკითხზე კომენტარის დროს, „უკიდურესად ფრთხილი“ იყოს.
მკვლევრის დედამ, ბრიჯიტ ვინატიემ ტელეარხ BFMTV-ს განუცხადა, რომ მისი შვილი კარგად არის და „გამძლეობას ავლენს“. დასავლეთის ქვეყნები დიდი ხანია ადანაშაულებენ რუსეთს მათი მოქალაქეების შეგნებულად დაკავებაში, რათა ისინი ევროპასა და შეერთებულ შტატებში დაპატიმრებული სავარაუდო რუსი ჯაშუშებისა და კიბერდამნაშავეების გათავისუფლების საქმეში გასაცვლელ მონეტად გამოიყენონ. მას შემდეგ, რაც პრესკონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ვინატიეს შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ პირობა დადო, რომ მის საქმეს შეისწავლიდა. „და თუკი არსებობს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის მცირედი შანსიც კი, თუ რუსული კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინი დიალოგისთვის „მზად არის“
კრემლმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ პუტინი „მზადაა“, საფრანგეთის ლიდერთან დიალოგში ჩაერთოს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მაკრონმა, უკრაინის ომთან დაკავშირებული დიპლომატიური აქტივობის ფონზე, პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაუშვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს ვინატიეს გათავისუფლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე უსამართლოდ არის დაკავებული და ლორანის წინააღმდეგ გაჩაღებული „პროპაგანდა რეალობას არ შეესაბამება“. ვინატიე ერთ-ერთია იმ დასავლელთაგან, რომლებიც უკრაინაზე კრემლის სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთში დააკავეს.
რუსეთში შეერთებული შტატების რამდენიმე მოქალაქე დააპატიმრეს და შემდეგ გაათავისუფლეს გაცვლების შედეგად, რომლის დროსაც შუამავლის როლი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაი და მისი წინამორბედმა, ჯო ბაიდენი შეასრულეს. ვინატიეს კი პროკურორები, თავდაპირველად, „უცხო ქვეყნის“ აგენტად დარეგისტრირების გარეშე სამხედრო ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ არ იცოდა, თუ ასეთი რამ მოეთხოვებოდა. სასამართლო პროცესზე რუსულად საუბრისას, მან განაცხადა, რომ თავის საქმიანობის დროს ყოველთვის ცდილობდა „საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის ინტერესების წარმოჩენას“. მოგვიანებით, რუსეთის დედაქალაქში გამართული სასამართლო სხდომიდან პოლიციის მიერ გაყვანისას გაკეთებულ მოკლე კომენტარში, ვინატიემ თქვა, რომ „დაიღალა“ და გრძნობს, რომ მას გასაცვლელ მონეტად იყენებენ.
„უცხოეთის აგენტების“ კანონის სავარაუდო დარღვევებს მოსკოვი ადამიანების დასაკავებლად იყენებს, რის შემდეგაც მათ უფრო სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებს ხოლმე. სწორედ ასე მოხდა ვინატიეს შემთხვევაშიც.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters

