უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ში დონალდ ტრამპთან შეხვედრას 28 დეკემბერს გეგმავს.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
შეერთებულ შტატებში ზელენსკის მომავალი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონში უკრაინის დელეგაციის წარმატებული მოლაპარაკებების შესახებ გააკეთა განცხადება. კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს მოახსენა, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა შეთანხმებულია.
„ჩვენ არცერთ დღეს არ ვკარგავთ. უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე შევთანხმდით. ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება“, – განაცხადა ზელენკიმ 26 დეკემბრის დილით.
ტრამპთან მის ახალ შეხვედრას წინ ინტენსიური კონტაქტების სერია უძღოდა. 25 დეკემბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა, რომლის დროსაც მათ „ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი“ განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებიც მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.
რა არის ცნობილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ
2025 წლის 30 ნოემბერს მაიამიში (ფლორიდა) შედგა აშშ-უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ამ ფორმატით გამართული რიგით მეორე დიალოგი იყო, 23 ნოემბერს ჟენევაში (შვეიცარია) გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. მაშინ ამ შეხვედრას „ჟენევის მოლაპარაკებების პროდუქტიული გაგრძელება“ უწოდეს.
2 დეკემბერს, ირლანდიაში ყოფნისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელზეც მომლაპარაკებელთა გუნდები მუშაობენ, შეიცავს 20 პუნქტს 28-ის ნაცვლად, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. იმავე დღეს, რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში თითქმის ხუთსაათიანი შეხვედრა გამართა ამერიკულ დელეგაციასთან. მოგვიანებით, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მხარეებს „კომპრომისისთვის ჯერ არ მიუღწევიათ“.
6 დეკემბრის ღამეს (კიევის დროით), უმეროვი და გნატოვი ორ კვირაში უკვე მეექვსედ შეხვდნენ აშშ-ის წარმომადგენლებს. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შეთანხმებების ფარგლები, აგრესიის შეკავების მექანიზმები და ომისშემდგომი აღდგენის გეგმა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრესი დამოკიდებულია დეესკალაციისკენ რუსეთის მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებზე. 7 დეკემბერს მომლაპარაკებელთა გუნდებმა ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
9 დეკემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულებისკენ მიმართული „უკრაინული და ევროპული კომპონენტები“ კიდევ უფრო დაახლოვდა. მისი თქმით, კიევი და მისი პარტნიორები მზად არიან, ისინი შეერთებულ შტატებს წარუდგინონ.
14-15 დეკემბერს, უკრაინის დელეგაციამ, ვლადიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ბერლინში აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართა ომის დასრულების 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე. შეხვედრის შემდეგ NSDC-ის მდივანმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ საუბარი „პროდუქტიული იყო და მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს“.
19 და 20 დეკემბერს შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებების ახალი რაუნდები გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროპის წარმომადგენლები. მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ სამმხრივი (კიევი-ვაშინგტონი-მოსკოვი) მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ კრემლმა ეს იდეა უარყო.
24 დეკემბერს, ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ოთხი დოკუმენტი განიხილეს. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს გაიგოს, რას ითხოვს მოსკოვი იმის სანცვლოდ, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესია შეწყვიტოს.
https://suspilne.media/1199056-zelenskij-zustrinetsa-z-trampom-u-ssa-ciei-nedili-dzerela/

