საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების მასშტაბურ ზრდის გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება იგივე, რასაც USAID-ი აკეთებდა საქართველოში.
როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, კვლავ გაგრძელდება ექსტრემიზმის, რევოლუციური სცენარების და მიტინგების დაფინანსება, თუმცა, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმალურად გააკონტროლებს ქვეყანაში შემოსულ დაფინანსებას მიღებული კანონების შესაბამისად.
“USAID-ი რას ემსახურებოდა მსოფლიოში და მით უფრო, საქართველოში, ყველა კარგად ვხედავდით. საქართველოში რასაც აფინანსებდა USAID-ი – არეულობას, მიტინგებს, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, იგივე ვერ განხორციელდება, რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მოწოდების სიმაღლეზეა.
წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც. ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს.
[კანონებზე] გვერდის ავლის მცდელობები ექნებათ, ეს არ არის დღევანდელი სცენარი, ეს არის “დიფ სთეითის” გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, ეცდებიან, კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ თანხების შემოდინება, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მყისიერი რეაგირება და მაქსიმალური კონტროლი გვექნება ნებისმიერ შემოსულ დაფინანსებაზე.” – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

