დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპული ბიუროკრატია ყველანაირად გაკოტრებულია და მას წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება აქვს.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ კაია კალასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, უკვე აშკარაა ის შიდა დაპირისპირება, რომელიც ევროკავშირის შიგნით არსებობს.
„დაველოდოთ, მგონია, რომ ყველა ვხედავთ, თუ რა პროცესები მიდის ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოში. ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ყველანაირად გაკოტრებულია, ვისმენთ, თუ რა განცხადებებს აკეთებს, რა დამოკიდებულება აქვთ, ზოგადად, ქვეყნების მიმართ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაინტერესებს და საქართველოსთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვთ უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც თვეები და წლებია გრძელდება. ასევე, შიდა პროცესები, რაც ევროპაში აქვთ, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი – აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან. ვნახოთ, ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

