ფრანგული ჟურნალის, „გრანდ კონტინენტის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, დანიასა და პოლონეთში გამოკითხულთა 51 პროცენტი აშშ-ის პრეზიდენტს „ევროპის მიმართ მტრულად განწყობილ“ ლიდერად აფასებს.
ინსტიტუტ „კლასტერ17“-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული 7 498 ევროპელიდან მხოლოდ 8 პროცენტი მიიჩნევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ევროპის მეგობრად“, 39-მა პროცენტი პასუხობს, რომ ის „არც მეგობარია და არც მტერი“, ხოლო ორმა პროცენტმა საკუთარი აზრი არ ან ვერ დააფიქსირა.
გამოკითხვა ჩატარდა 13-დან 19 იანვრამდე, ანუ პერიოდში, როდესაც დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის მისაკუთრების სურვილი ტრამპმა ღიად გამოხატა.
თუმცა, მოგვიანებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეეცადა, დაერწმუნებინა მსოფლიო საზოგადოება, რომ არ გამოიყენებს ძალას იმ კუნძულის დასაუფლებლად, რომელიც შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა ნატოში – ალიანსში, რომელშიც გამოკითხის მონაწილე შვიდივე ქვეყანა შედის.
შვიდი ქვეყნიდან ექვსში უმრავლესობას წარმოადგენენ ისინი, ვინც ტრამპს ევროპის მტრად ასახელებს. გამონაკლისია პოლონეთი, სადაც დონალდ ტრამპს მტრად მხოლოდ 28 პროცენტი მიიჩნევს, ხოლო 48 პროცენტი ამბობს, რომ ის არც მეგობარია და არც მტერი, რაც ვაშინგტონთან ამ ქვეყნის ისტორიული სიახლოვის მაჩვენებელია.
სხვა ქვეყნებში კი ციფრები ეჭვს არ ტოვებს: დანიელების 58 პროცენტი, ფრანგების 55 პროცენტი და ესპანელების 55 პროცენტი ტრამპს ევროპისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.
კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, მოქალაქეთა აზრი იყოფა: 46 პროცენტი ტრამპთან დაპირისპირებას ემხრობა, 44 პროცენტი კომპრომისს ამჯობინებს და მხოლოდ ათი პროცენტი უჭერს მხარს ვაშინგტონთან პოლიტიკური კავშირის შენარჩუნებას.
თუმცა, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა – 73 პროცენტი – მიიჩნევს, რომ ევროკავშირი, თავდაცვის კუთხით, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და შეერთებული შტატების იმედზე არ უნდა იყოს.
ამასთან, შეერთებულ შტატებს, როგორც ტრანსატლანტიკურ მოკავშირეს, კვლავ ენდობა რესპონდენტთა 22 პროცენტი.
ათწლეულების განმავლობაში სამხედრო სფეროში ინვესტიციების შემცირების შემდეგ, ბევრი ევროპული ქვეყანა ვაშინგტონზე კრიტიკული დამოკიდებულების წინაშე აღმოჩნდა, რომელიც წლების განმავლობაში კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აეღო.
გამოკითხვა ასახავს აშშ-ის ლიდერობის მიმართ სკეპტიციზმსა და უნდობლობას, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო – კერძოდ, გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის ამბიციებით.
https://www.rtp.pt/noticias/mundo/trump-visto-como-inimigo-da-europa-em-sete-paises-da-ue_n1712411
