„გარდიანი“ ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლების შეხვედრიდან გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც „გარდიანი“ წერს, აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავებიდან შვიდი დღის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ირწმუნება, რომ მადუროს აყვანის შემდეგ ამერიკელებმა მას და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს მოსაფრიქრებლად 15-წუთიანი ვადა მისცეს, დაემორჩილებოდნენ თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ.
„გარდიანის“ ცნობით, დელსი როდრიგესის განცხადებით, ამერიკელებმა თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ მადურო და მისი მეუღლე არიან ლიკვიდირებული და არა – გატაცებული.
ამასთან, სტატიის თანახმად, როდრიგესი აღნიშნავს, რომ ის აშშ-თან თანამშრომლობს მხოლოდ იმის გამო, რომ „მუდმივი მუქარებისა და შანტაჟის“ ქვეშ იმყოფება და მისი პრიორიტეტი ძალაუფლების შენარჩუნებაა.
„მუქარები პირველი წუთიდან დაიწყო, როდესაც გაიტაცეს პრეზიდენტი. მათ დიოსდადოს, ხორხესა და მე 15 წუთი მოგვცეს პასუხის გასაცემად, ან დაგვხოცავდნენ. მუქარები და შანტაჟი განუწყვეტელია, ჩვენ მოთმინებით და სტრატეგიული წინდახედულობით უნდა ვიმოქმედოთ, ძალიან მკაფიო მიზნებით, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, გადავარჩინოთ ჩვენი მძევლები და შევინარჩუნოთ პოლიტიკური ძალაუფლება“, – აცხადებს როდრიგესი.
ამასთან, სტატიაშია აღნიშნული, რომ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია ეს მუქარები. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, იყოს ნარატივი მადუროს მხარდამჭერთა შორის ლოიალობის შესანარჩუნებლად, რომლებიც შესაძლოა, აშშ-თან მთავრობის თანამშრომლობას ღალატად განიხილავდნენ.
„გარდიანის“ მიხედვით, ამ შეხვედრამ გამოავლინა, რომ მაღალჩინოსნები შეშფოთებული არიან, რადგან მათი ქმედებები, შესაძლოა, ღალატად იქნეს აღქმული.
„ისინი ცდილობენ, კონტროლი იქონიონ ვითარებაზე, ირწმუნებიან, რომ აშშ-თან თანამშრომლობა, მათ შორის ვენესუელის ნავთობის გაყიდვა, ყოველთვის იყო მადუროს გეგმის ნაწილი და არაა მარცხი“, – წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის გადასარჩენად, ამავდროულად, ცდილობენ, შეინარჩუნონ ავტორიტარული კონტროლი.
