პოლონეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას „სულ უფრო მეტი არგუმენტი“ უჩნდება ეროვნული ვალუტის, ზლოტის შესანარჩუნებლად და ევროზე გადასვლის გადასავადებლად. ეს არგუმენტები კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ზლოტის მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება.
„პოლონეთის ეკონომიკა აშკარად უკეთესად მუშაობს, ვიდრე იმ ქვეყნების უმეტესობის, რომლებსაც ევრო აქვთ. ჩვენ სულ უფრო მეტი მონაცემი, კვლევა და არგუმენტი გვაქვს ეროვნული ვალუტის შენარჩუნების სასარგებლოდ“, – აცხადებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ანჯეი დომანსკი „ფაინენშალ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
დომანსკი ხაზგასმით ამბობს, რომ მთავრობის ასეთი პოზიციის მთავარი მიზეზები უფრო ეკონომიკურია, ვიდრე პოლიტიკური. „საზოგადოებრივი აზრი ზლოტის მხარესაა, მაგრამ მთავარი მიზეზები, რის გამოც ჩვენ ახლა ევროზე გადასვლაზე არ ვმუშაობთ, ეკონომიკურია,“ – აღნიშნა მან.
პოლონეთში, როგორც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ევროსთან მიმართებაში ზლოტის გამყარების ტენდენცია მას შემდეგ შეიმჩნევა, რაც 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიამ გაიმარჯვა. „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, რომ ევროზე გადასვლის საკითხზე თავისი შეხედულება, წლების განმავლობაში, თავად ტუსკმაც შეიცვალა, გარდა ამისა, პოლონელების უმრავლესობა ამ ცვლილებას დღემდე ეწინააღმდეგება.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ძლიერ არგუმენტს, რომ საკუთარ ვალუტაზე უარი ვთქვათ“, – ამბობს დომანსკი.
ევრო ამჟამად ევროკავშირის 21 ქვეყანაში გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი იურიდიულად ვალდებულია, კონვერგენციის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, საერთო ვალუტაზე გადავიდეს, პოლონეთს ამისთვის ვადები არ დაუდგენია.
https://www.polskieradio.pl/395/7786/Artykul/3638859
