აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა.
მისი თქმით, კირ სტარმერს გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებში შემავალ ერთ-ერთ კუნძულზე, დიეგო გარსიაზე ესაუბრა, სადაც როგორც ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ტრამპის თქმით, კუნძულზე არსებული სამხედრო ბაზა აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმ შემთხვევაში, თუ არსებულ შეთანხმებას საფრთხე შეექმნება, აშშ იტოვებს უფლებას, სამხედრო წესით დაიცვას ის.
„პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან კუნძულ დიეგო გარსიასთან დაკავშირებით ძალიან პროდუქტიული დისკუსიები მქონდა. ეს არის აშშ-ის მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა, რომელიც სტრატეგიულად მდებარეობს ინდოეთის ოკეანის შუაგულში და, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობისაა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები. ჩვენი სამხედრო ოპერაციები ბოლო წლის განმავლობაში წარმატებული იყო ჩვენი სამხედროების სიძლიერის, ჩვენი აღჭურვილობის თანამედროვე შესაძლებლობების და, რაც მთავარია, ჩვენი სამხედრო ბაზების სტრატეგიული მდებარეობისა და სხვა მიზეზების გამო.
მესმის, რომ შეთანხმება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა დადო, ბევრის აზრით, საუკეთესო იყო, რაც კი შეეძლო. თუმცა, თუ იჯარის ხელშეკრულება მომავალში, ოდესმე ჩაიშლება ან ვინმე საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ოპერაციებსა და ძალებს ჩვენს ბაზაზე, ვიტოვებ უფლებას, სამხედრო წესით დავიცვა და გავაძლიერო ამერიკული ყოფნა დიეგო გარსიაზე. გაითვალისწინეთ, არასდროს დავუშვებ, რომ ჩვენი ყოფნა ასეთ მნიშვნელოვან ბაზაზე ოდესმე შეირყეს, ან საფრთხე შეექმნას ყალბი განცხადებებით, ან გარემოსდაცვითი სისულელეებით“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, კუნძული დიეგო გარსია ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. 1970-იანი წლებიდან კუნძულზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზა არსებობს.
