რუსეთი აფრიკულ სახელმწიფოებთან კავშირებს აძლიერებს. ამ მიზნით, მოსკოვი აფრიკის ქვეყნებში იმ ოფიციალურ პირებს აგზავნის, რომლებიც დასავლეთის მიმართულებით ვეღარ საქმიანობენ – ეს ინფორმაცია ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2026 წლის ანგარიშშია შეტანილი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრემლმა აფრიკის კონტინენტზე თავისი საქმიანობა გაამრავალფეროვნა და რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტისთვის ემზადება, რომელიც 2026 წელს გაიმართება.
ტრადიციული სამხედრო თანამშრომლობის პარალელურად, მოსკოვი სულ უფრო ხშირად იყენებს ისეთ „რბილ ძალას“, როგორიცაა განათლება და კულტურა. რუსულ უნივერსიტეტებში სულ უფრო მეტი აფრიკელი სტუდენტი სწავლობს იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჩადთან, ერითრეასთან, ჯიბუტთან და გვინეასთან გაფორმდა.
„უახლოეს პერსპექტივაში სავარაუდოა, რომ რუსეთისთვის აფრიკის გაზრდილი მნიშვნელობა შენარჩუნდება. მოსკოვი გააგრძელებს ძალისხმევას აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წლიურ ანგარიშში.
ეს თანამშრომლობა კრემლს „შიდა პრობლემის გადაჭრაშიც“ ეხმარება.
კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობისა და უკრაინაში ომის გამო, დასავლეთის მთავრობებმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თავიანთი ქვეყნებიდან უამრავი რუსი დიპლომატი გააძევეს. ასევე დაიხურა საკონსულოები.
„აფრიკის კონტინენტი გახდა რუსი საჯარო მოხელეების, დიპლომატების, დაზვერვის ოფიცრების, კულტურის მუშაკებისა და გავლენის აგენტების დასაქმების ადგილი, რომლებსაც დასავლეთში ვეღარ აგზავნიან“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.
„რუსეთის ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“, რომელიც საზღვარგარეთ გავლენების ზრდის საქმეში დიდ როლს თამაშობს, სულ უფრო აქტიურდება აფრიკაში. ის ოფისებს ხსნის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გვინეა და ბურკინა-ფასო. გარდა ამისა, გაფართოვდა ფონდი „რუსკი მირ“, რომელიც უცხოეთში რუსული ენის პოპულარიზებას ეწევა. მან ახალი ცენტრები გახსნა ბურუნდისა და უგანდაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
მოსკოვი ცდილობს, აფრიკელები საკუთარ ნარატივებში დაარწმუნოს და მათ რიგებში ანტიდასავლური გზავნილები გაავრცელოს.
ამ გზავნილების თანახმად, აფრიკაში დასავლური გავლენა და თანამშრომლობა „ნეოკოლონიური, უსამართლო და პატერნალისტურია“. რუსეთი კი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც „ჭეშმარიტად მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ქომაგს და სუვერენიტეტის დამცველს, რომელიც აფრიკელებს თანამშრომლობას თანასწორუფლებიანი პარტნიორობის საფუძველზე სთავაზობს“.
„საგანმანათლებლო და კულტურული პროპაგანდა ეფექტური ინსტრუმენტებია მომავალი თაობის განწყობების უფრო პრორუსული მიმართულებით ფორმირებისთვის“, – ხაზგასმულია ანგარიშში.
აფრიკელი სტუდენტები ფრონტის ხაზზე გაგზავნეს
2025 წელს, რუსეთის უნივერსიტეტებში დაახლოებით 35 000 აფრიკელი სტუდენტი ჩაირიცხა.
ამასთან, ესტონეთის დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ „ადრინდელი თბილი ურთიერთობები“ იმის გამო დაზიანდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სტუდენტები „უკრაინის ფრონტზე სასიკვდილოდ გაგზავნა“.
„ზამბიის, ტანზანიის, გვინეის, კამერუნის, ერითრეის, ნიგერიისა და სხვა სახელმწიფოების ასობით მოქალაქე უკრაინის ომში გაგზავნეს. საელჩოებს ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ოჯახებს კი კომპენსაცია არ მიუღიათ“, – ნათქვამია წლიურ ანგარიშში.
მოსკოვში აფრიკის საელჩოებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი რუსეთში ჩასულ სტუდენტებს შორის საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას, თუმცა, საქმეს ართულებს ის, რომ სტიპენდიები მცირეა და სტუდენტებს საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად დამატებითი ფულის გამომუშავება სჭირდებათ.
„რუსეთის ხელისუფლება ამ სისუსტეს იყენებს: რუსეთში მომუშავე აფრიკელ მოქალაქეებს აკავებს და ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე უარს ეუბნება. ამ სტუდენტებს არჩევანს სთავაზობენ დეპორტაციასა და სამხედრო სამსახურს შორის. აფრიკის ქცეყნების ასობით მოქალაქე, რომელმაც ომში მონაწილეობაზე უარი თქვა, შემდგომში ქვეყნიდან გააძევეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
https://news.err.ee/1609936274/russia-sending-diplomats-intelligence-officers-banned-from-europe-to-africa
