საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, მათ სორის ის ვიზიტი, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელმა განახორციელა აშშ-ში, რაზეც თავის მხრივ აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა, ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება. შესაბამისი შეხვედრების შინაარსიც სწორედ ამ მოცემულობითაა გაჯერებული. ამიტომ, რისი თქმისა და საზოგადოებისთვის მიწოდების რესურსიც ამ შეხვედრიდან გამომდინარე არსებობდა, ეს უკვე განხორციელდა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა – საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა. ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
