მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ეუთოს იმედი ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე, მათ შორის დაკავშირებადობის მიმართულებით.
მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს. ორი ქვეყნის დიპლომატებმა დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრაზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
მანამდე მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.
„შესაძლებლობა მქონდა გავსაუბრებოდი არაერთ კოლეგას, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
იცით, რომ შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ სიტუაციზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა შუა დერეფნის საკითხებზე გამართული პანელურ დისკუსიაში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
