ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმათან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დრო იყო შეუზღუდავი.
“არავითარი შეზღუდვა დროზე. ყველას შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა. მათ შორის, დისკუსიაში შემოსვლა შეეძლო ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს. ეს შევთავაზეთ, არა მარტო იქ, დისკუსიაში შემოსვლა, შემდეგ დისკუსიების გაგრძელება და მოხდა რა – 2 ძირითადი თეზისი ჰქონდა ქალბატონ ნინოს, ერთი, მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო ისე, როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა საქართველოში და მან აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრში განავითარეს მათ ინფრასტრუქტურა. ამაზე ჩემი პასუხი იყო ის, რომ ზუსტად როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ინფრასტრუქტურა, ისე ვგეგმავთ ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას. როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის დაფუძნდა თბილისის გარე უბანში, თბილისს გარეთ. ეს არის მარტივი მიდგომა, რომელიც ყველა თანამედროვე უნივერსიტეტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების დროს მოქმედებს. ამიტომ, თავისივე თეზისი უკან შევუბრუნე, ოღონდ არგუმენტით. მეორე, რაც აღნიშნა, რატომ მარტო პედაგოგიური, იმიტომ, რომ ლოგიკიდან გამომდინარე ჩვენ ვთქვით, რომ ტრადიციული პროფილის შესაბამისად გადანაწილდებოდა სპეციალობები. კითხვა დასვა, რომ რატომ მარტო პედაგოგიური, როდესაც განვითარებულია სხვა მიმართულებებიც, რაზეც მე შევთავაზე დისკუსიების გაგრძელება და შევთავაზე ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე ერთად განგვესაზღვრა, რა უნდა ყოფილიყო ილიას უნივერსიტეტში, რა თსუ-ში, რა სხვა უნივერსიტეტებში. თან საუბარია სახელწმიფო უნივერსიტეტზე და პასუხად მივიღეთ რა, რომ არა დისკუსიების გაგრძელება, თან ჩვენ შევთავაზეთ, მთავრობის ხელმძღვანელი, განათლების მინისტრი, შევთავაზეთ ერთად გვემსჯელა ამასთან დაკავშირებით. 2 თუ 3 დღეში მივიღეთ აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში, საპროტესტო აქცია. დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. არ ვიცი, საზოგადოებამ იმსჯელოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.
იყო შეხვდედრა, 2 კითხვა დასვით, ორივეზე გიპასუხეთ. მერე ამაზე გქონდათ პასუხის შემობრუნების საშუალება და არ შემოგიბრუნებიათ იმიტომ, რომ რეალურად, მყარი იყო ჩემი პასუხები. რაც შეეხება გაგრძელებას, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდებოდა, თქვენ რომ ამის სურვილი გამოგეხატათ. თქვენ წახვედით და გამართეთ მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება შედგეს დისკუსიები. თქვენ ჩაჭერით ყოველგვარი შესაძლებლობდა დისკუსიებისთვის. ეს არ არის სწორი მიდგომა. როგორ შეიძლება, გთავაზობთ მთავრობა, განათლების მინისტრი, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ პერსონალს გთავაზობთ დისკუსიას და დისკუსიების საფუძველზე კვოტების განსაზღვრას და თქვენ გამოდიხართ და მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქციებს აწყობთ, ხელმოწერებს აორგანიზებთ. არაჯანსაღია. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, დემოკრატიაა. ხელმოწერებიც შეგიძლიათ შეაგროვოთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მთავრობა გთავაზობთ საგნობრივ დისკუსიას, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადანაწილდეს კვოტები და როდესაც მიდიხართ დისკუსიის ნაცვლად საპროტესტო აქციებს აწყობთ და ხელმოწერებს აორგანიზებთ, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი”, – განაცხადა პრემიერმა.
