ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებულ მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვარს, ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის მედიანურმა ასაკმა 44.9 წელს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის მოსახლეობის ნახევარი ამ ასაკზე (44.9 წელი) უფროსი, ხოლო მეორე ნახევარი – უმცროსი იყო. ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში კი, მედიანური ასაკი 39.6 წლიდან (ირლანდია) 49.1 წლამდე (იტალია) მერყეობდა. რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ქალების მედიანაური ასაკი, 2025 წლის მდგომარეობით, 41, ხოლო მამაკაცებისა – 36,1 წელს შეადგენდა (რედ.)
ლატვიაში, 2025 წლის მდგომარეობით, მედიანური ასაკი 44.4 წელია, რაც ნიშნავს, რომ ბალტიის ეს ქვეყანა ევროკავშირის მედიანურ ასაკს ოდნავ ჩამორჩებოდა. ამასთან, ეს მაჩვენებელი 1.7 წლით აღემატება ლატვიის 2015 წლის მედიანურ მონაცემს (42.7 წელი). კიდევ უფრო ადრე, 2005 წელს კი, ლატვიის მედიანური ასაკი 39.3 წელი იყო.
ევროკავშირის დონეზე, მედიანური ასაკი 2.1 წლით არის გაზრდილი 2015 წელთან შედარებით, როდესაც ის 42.8 წელს შეადგენდა. 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, მედიანური ასაკის ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, გერმანიისა და მალტის გარდა (თითოეულში -0.4 წელი).
მოსახლეობის დაბერება ყველაზე მკვეთრად გამოხატულია სლოვაკეთსა და კვიპროსში, სადაც მედიანური ასაკი, 2015 წელთან შედარებით, 4.0 წლით არის გაზრდილი, შემდეგ მოდიან: იტალია (+3.9 წელი), საბერძნეთი და პოლონეთი (თითოეული +3.8 წელი) და პორტუგალია (+3.7 წელი).
ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დემოგრაფიული სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის განმავლობაში ლატვიაში 11 637 ბავშვი დაიბადა.
ამ პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივ მატება 14.0 ათასი ადამიანით შემცირდა და 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ლატვიის მოსახლეობამ 1 823 000 შეადგინა.
შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა (3 223 ბავშვი), ხოლო ყველაზე დაბალი – მეოთხე კვარტალში (2 754 ბავშვი). 2024 წელთან შედარებით, შობადობა 9.7%-ით (1 250 ბავშვი) შემცირდა, ქორწინებები 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები 3.7%-ით შემცირდა.
გასულ წელს ლატვიაში გარდაცვალების 25 677 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 984-ით, ანუ 3.7%-ით ნაკლებია, 2024 წელთან შედარებით.
2025 წელს, სულ 10 683 ქორწინება გაფორმდა, რაც წლიურ 4.7%-იან ზრდას (478 ქორწინება) წარმოადგენს. 2025 წლის მესამე კვარტალში ქორწინებების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – 4 696, ხოლო პირველ კვარტალში ყველაზე დაბალი – 1 417.
https://eng.lsm.lv/article/society/society/13.02.2026-latvias-median-age-rises-to-44-years-population-down-by-14000.a633772/?utm_source=GPB&utm_medium=aep&utm_campaign=box&utm_content=logo
