გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, დასავლეთ ევროპის წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩევლებს სულ უფრო მეტად სჯერათ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანება.
აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა გლობალურ სიტუაციას სულ უფრო საშიშად აღიქვამს და მომდევნო ხუთ წელიწადში მსოფლიო ომის დაწყება სავარაუდოდ მიაჩნია. „პოლიტიკოს“ ცნობით, გასული წლის მარტში ჩატარებული ანალოგიური გამოკითხის შემდეგ, „მკვეთრად გაიზარდა იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ახალი გლობალური კონფლიქტის დაწყებას ვარაუდობს“.
გამოკითხვამ ასევე გამოავლინა საზოგადოების სულ უფრო ნაკლები მზაობა, მხარი დაუჭიროს თავდაცვის ხარჯების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში, კანადაში, ბრიტანეთსა და გერმანიაში გამოკითხულები, ზოგადად, მხარს უჭერენ სამხედრო ბიუჯეტების გაზრდას, ეს მხარდაჭერა „მკვეთრად ეცემა, როდესაც ხალხი იგებს, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო მაღალ სახელმწიფო ვალს, სხვა სერვისების შეკვეცას ან გადასახადების ზრდას“, – წერს „პოლიტიკო“.
რაიდი ადასტურებს, რომ „ომის მიმართ მზარდი შიში სულაც არ გულისხმობს მზაობას, ლიდერებს მაინიჭონ მანდატი თავდაცვაზე დიდი თანხების დასახარჯად“. მისივე განმარტებით, საზოგადოება „ნაკლებად არის მზად, წავიდეს იმ კომპრომისებზე, რაც სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად არის საჭირო“.
ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესახებ შეშფოთება ყველაზე მაღალია შეერთებულ შტატებში, სადაც რესპონდენტთა 46%-მა აღნიშნა, რომ მსოფლიო ომი „სავარაუდო“ ან „ძალიან სავარაუდოა“, რაც გასულ წელთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით მეტია. ბრიტანეთში ეს მოსაზრება 43-მა პროცენტმა გაიზიარა. გერმანია ერთადერთი გამოკითხული ქვეყანა იყო, სადაც უმრავლესობა მომდევნო ხუთ წელიწადში მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს ვერ ხედავს.
აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და კანადაში გამოკითხულთა სულ მცირე მესამედმა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ომში ბირთვული იარაღის გამოყენება „სავარაუდო“ ან „ძალიან სავარაუდოა“. მშვიდობისთვის უდიდეს საფრთხედ ევროპაში, ყველაზე ხშირად, რუსეთი სახელდება, კანადელები კი, ამ კონტექსტში, უფრო მეტად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში აღქმული საფრთხის მხრივ მეორე ადგილზე შეერთებული შტატები გავიდა, რომელმაც ჩინეთს გაუსწრო.
აღნიშნული ონლაინ-გამოკითხვა 6-9 თებერვლს ჩატარდა. მასში10 289 ზრდასრულმა პირმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო შედეგები თითოეულ ქვეყანაში შეწონილი იყო ისე, რომ, ეროვნული მასშტაბით, რეპრეზენტატული ყოფილიყო. ცდომილების ზღვარი თითოეული ქვეყისთვის, პლუს-მინუს, 2 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.
წყარო: „პოლიტიკო“, „პოლონეთის რადიო“
