ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრი პროცესი იყო ქვეყანაში წარმართული უცხოური ჩარევებით, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, აქვს გულწრფელი სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი და მიისწრაფვის ამ მიმართულებით.
„2014 წლიდან ქვეყანა არის ასოცირებული პარტნიორი და წარმატებით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც გათვალისწინებული იყო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად სწორედ ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და გარკვეული ზეწოლის განხორციელების ინსტრუმენტად.
ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრი პროცესი იყო ქვეყანაში წარმართული უცხოური ჩარევებით. ის, რაც საქართველოს სურს, არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული პროცესი წარიმართოს ისე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, უცხოური ჩარევების გარეშე. ჩვენ რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ სწორედ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ ის პროცესი, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესი. ამას აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა, როდესაც არის გამოწვევა ქვეყანაში. ამას სჭირდება საკანონმდებლო ჩარჩო, რომ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ის, რაც არის წინაპირობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების. სტაბილურობის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ რეფორმების გატარება, რაც სჭირდება ევროკავშირში წევრობას. აქედან გამომდინარე, სწორედ საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლება არის ის, რომელიც უზრუნველყოფს საფუძვლის შექმნას ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის. გაცხადებული მიზანი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, არის ის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო უკეთ მომზადებული წევრობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
