ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (PPA) ინფორმაციით, სამშაბათს, დილით, გაყინულ ჩუდის (პეიპუსის) ტბაზე იპოვეს საჰაერო ბურთი, რომლითაც კონტრაბანდისტებს ათასობით სიგარეტის ღერი არალეგალურად გადაჰქონდათ.
საჰაერო ბურთი ადგილობრივმა მეთევზემ დროებითი სასაზღვრო-საკონტროლო ზოლიდან დაახლოებით სამ კილომეტრში შენიშნა და ამის შესახებ PPA-ს შეატყობინა.
ვარნიას მესაზღვრეები შემთხვევის ადგილზე მარხილებით მივიდნენ. ადგილზე მისულებმა ჩუდის (პეიპუსის) ტბის გაყინულ ზედაპირზე თეთრი საჰაერო ბურთი დახვდათ, რომელზეც სამი მუყაოს ყუთი იყო მიმაგრებული.
მესაზღვრეებმა სიგარეტები, საჰაერო ბურთთან ერთად, PPA-ს უახლოეს პუნქტში გადაიტანეს და ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტს გადასცეს. PPA-ს განცხადებით, ნაპოვნ სიგარეტზე ბელარუსული აქციზური მარკებია აღმოჩენილი.
საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, საჰაერო ბურთზე მიმაგრებულ ყუთებში 30 ათასი ღერი სიგარეტი იყო განთავსებული.
PPA-ს სამხრეთის ბიუროს ხელმძღვანელის, მეელის საარეპუუს თქმით, სიგარეტები, რომლებიც ესტონეთში მოხვდა, სავარაუდოდ, კონტრაბანდულია და ბელარუსიდან არის გადმოგზავნილი.
„მსგავსი საჰაერო ბურთების გადაადგილება აქამდე უფრო ხშირად ლატვიასა და ლიეტუვაში ხდებოდა. ამიტომ, მათთან ინფორმაციას ჩვენ აქამდეც ვცვლიდით, დღევანდელი ინციდენტის გათვალისწინებით კი, იქაურ კოლეგებთან კომუნიკაციას უფრო ინტენსიურად ვაგრძელებთ“, – აღნიშნა საარეპუუმ.

საარეპუუს ლატვიელი და ლიეტუველი კოლეგების განმარტებით, საჰაერო ბურთების გადაადგილების მარშრუტი, როგორც წესი, არაპროგნოზირებადია.
„ეს, დიდწილად, ქარსა და ამინდის სხვა პირობებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ხშირად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ სად დაეშვებიან ისინი. ამის გათვალისწინებით, ჩუდის (პეიპუსის) ტბაზე დღეს აღმოჩენილი საჰაერო ბურთის ფრენის ტრაექტორია გამოძიების საგანი უნდა გახდეს“, – აღნიშნეს მათ.
ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, რაინ კუუსის თქმით, ეს არ არის საჰაერო ბურთით ესტონეთში კონტრაბანდული საქონლის შეტანის პირველი შემთხვევა.
„თუმცა, წინა შემთხვევებში, ისინი აქ შემთხვევით, ამინდის პირობების გამო დაეშვნენ და ესტონეთი მათი საბოლოო დანიშნულების ადგილს ნამდვილად არ წარმოადგენდა. ამჟამად ვაანალიზებთ ყველა გარემოებას, რათა დავადგინოთ, იყო თუ არა ამ შემთხვევაში კონტრაბანდა შეგნებულად გამოგზავნილი ესტონეთში“, – განაცხადა კუუსმა.
საქმის დეტალების გასარკვევად, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტმა, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
ბოლო თვეებში, კონტრაბანდული სიგარეტებით დატვირთული საჰაერო ბურთები ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში იპოვეს. ლიეტუვაში მათ ხელი შეუშალეს საჰაერო ფრენებს ვილნიუსის აეროპორტში, რომელიც ბელარუსის საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარეობს.
ლიეტუველი ოფიციალური პირების განცხადებით, ბელარუსი მესაზღვრეები კონტრაბანდისტების საქმიანობაზე თვალს ხუჭავენ. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა („რეფორმების პარტია“) კი მომხდარს „ჰიბრიდული თავდასხმა“ უწოდა.
https://news.err.ee/1609944275/fisherman-finds-balloon-carrying-30-000-contraband-cigarettes-on-estonia-s-lake-peipus
