აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა სიცილიის რეგიონის ქ. მონრეალის მერს ალბერტო არჩიდიაკონოს და საკრებულოს თავმჯდომარეს მარკო ინტრავაიას შეხვდა.
მინისტრმა მონრეალის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მონრეალში მცხოვრებ იმ იტალიურ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის მიზნით მასპინძლობდნენ, მადლობა გადაუხადა და აღნიშნული პროექტის განახლების ინიციატივაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ინსტიტუციურ დონეზე ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის თემის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.
ქალაქ მონრეალში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა და საქართველოს საპატიო კონსული სიცილიის რეგიონში ლეონარდა ამელა ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
