საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ქართველმა დეპუტატმა გააკრიტიკიტა ევროკავშირი და მასში შემავალი წევრი სახელმწიფოები იმის გამო, რომ ისინი დღემდე არ იყენებენ ტერმინ „ოკუპაციას“, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარის ყოფნის შესახებ საუბრობენ.
„ძვირფასო კოლეგებო, უკანასკნელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა მსხვილი ქვეყნების ერთგულების სისუსტე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების მიმართ, ისეთის, როგორიცაა ტერიტორიულ მთლიანობა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, რომლის რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო ასეულობით ათასი იძულებით გადაადგილებული ქართველი ტრავმირებულია და ეს სამ ათეულ წელზე მეტხანს გრძელდება.
ადგილზე ვითარებას უფრო ამძიმებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ე.წ. „ხელისუფლება“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავს. საოკუპაციო ძალები ქართული ეკლესიების სისტემური ცვლილებებითა და გადაღებვით არიან დაკავებულნი, ისინი მიზანმიმართულად შლიან ქართულ რელიგიურ და კულტურულ ნაკვალევს იმ მიწაზე, რომელიც ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. გატაცებები, გამოძალვები და ქართველი მოქალაქეების მკვლელობებიც კი, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობენ, რუსული ძალების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ამასთან დაკავშირებით ზოგი ქვეყნის მთავრობების, რომლებიც საქართველოს მეგობრებს უწოდებენ საკუთარ თავს, ყოყმანი, უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს. დღემდე მრავალი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ „ოკუპაციის“ ოფიციალური გამოყენებისგან“, – განაცხადა სამხარაძემ.
