რაშია ჩვენი დანაშაული, რომ ყველაზე ადრე მივხვდით, რომ საქმე აქეთ წავიდოდა?! – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ უკრაინულმა ორგანიზაციებმა „მხარდაჭერის წერტილმა“ და „უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები LGBT+ თანასწორობის უფლებისთვის“ ევროკომისიას მიმართეს და ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში ევროპულ ვალდებულებებთან შეუსაბამობების შესახებ აცნობეს.
„ჩვენ თავის დაცვა დავიწყეთ ჯერ კიდევ 2017 წლიდან. ისე ვითარდებოდა მოვლენები, მართალია დეკლარირებულად ამბობდნენ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და სხვა საკითხები ცალკეული ქვეყნების შინაურული საქმეა და ამაში არ ჩავერევით, ინტეგრაციისთვის დამატებით პირობებს არ დავაყენებთო, მაშინვე ვიცოდით, რომ ეს იყო ფარისევლობა და ამ პირობებს დააყენებდნენ. რა ხმაური მოჰყვა 2017 წელს კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის დაზუსტებას, რომ ეს არის ქალისა და კაცის ერთობა, ძალიან კარგად გახსოვთ. ახლა ხომ ნათლად დავინახეთ, რომ არათუ ჩვენ მოგვთხოვენ, ნახევრადდანგრეულ, გაუბედურებულ, ომის ქარცეცხლში მყოფ ქვეყანას მოუწოდეს და მოსთხოვეს, რომ ეს კანონმდებლობა მიიღოს?! ამასთან გვაქვს საქმე და რაშია ჩვენი დანაშაული, რომ ყველაზე ადრე მივხვდით, რომ საქმე აქეთ წავიდოდა?!“ – აღნიშნა შარმანაშვილმა.
