მე ერთი იმედგაცრუება უნდა დავაფიქსირო, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ოპონენტ ნათია კუპრაშვილს მიმართა.
პაპუაშვილმა გაიხსენა 2023 წლის განხილვები და აღნიშნა, რომ კუპრაშვილი ისევ იქ არის დარჩენილი.
„მახსოვს 2023 წლის განხილვები, მათ შორის ქალბატონი ნათიაც [კუპრაშვილი] იყო ამის მონაწილე. სამწუხაროდ, ისევ იქ ხართ დარჩენილი, თითქოს, დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა, ომები არ დაწყებულა – არ დამთავრებულა, თითქოს, არაფერი მომხდარა, ისევ იქ ხართ. მართლა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ სხვადასხვა გაზეთს ვკითხულობთ თუ სხვადასხვა ტელევიზიას ვუყურებთ.
და რატომ – ჩვენ ამასობაში რამდენი რამ გავიარეთ. მათ შორის, ვუყურებდით, როგორ იყო ქართულ არჩევნებში პირდაპირი უცხოური ჩარევა; გარედან მხარდაჭერილი ადამიანები როგორ ამკვიდრებენ სიძულვილის ენას, ძალადობას, როგორ ფინანსდება პოლიტიკა. ეს ყველაფერი ხდება და მართლაც თვალის დახუჭვა, რიყეზე გასვლა და ქვის არდანახვა – ამას რაღაც სპეციფიური დამოკიდებულება სჭირდება ალბათ ან საკუთარი გვირაბის ხედვა, როდესაც გარშემო ვერაფერს ამჩნევთ. ამიტომაც არ უნდოდათ დისკუსია და დებატები – ოპონენტებს ვგულისხმობ, რომ გამოჩნდებოდა არგუმენტები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
