ამ დღეებში, ლიეტუველმა პროკურორებმა ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებსაც სხვადასხვა დროს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავათ და დღესაც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, სპეციალური მოწმის სტატუსით, წინასასამართლო გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. ერთი საქმე მცენარეთა დაცვის სახელმწიფო სამსახურში სავარაუდო კორუფციას შეეხება, მეორე კი – უკანონო გამდიდრებას.
პარტია „დემოკრატიული კავშირი ლიეტუვისთვის“ ლიდერი, საულიუს სკვერნელისი, რომელსაც 2016-2020 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (STT) მიერ მცენარეთა დაცვის სახელმწიფო სამსახურში სავარაუდო კორუფციის საქმეზე გამოიკითხა.
„ხდება ის, რაც სამართლებრივ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს – სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს“, – განუცხადა ექს-პრემიერმა ჟურნალისტებს.
მის სახლსა და საპარლამენტო კაბინეტში ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სკვერნელისი, პოლიციის ყოფილი უფროსის სტატუსით, პოლიციის ყოფილი კომისრების ტრადიციულ შეხვედრას დაესწრო, სადაც ის STT-ს დირექტორ ლინას პერნავასს შეხვდა. მიუხედავად ამისა, ყოფილმა პრემიერი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არაფერი იცოდა.

„ძალიან გაწბილებილი ვარ – შეეძლო, თვალი მაინც ჩაეკრა ან ჩაეჩურჩულა, რომ ასეთი ზომები იგეგმებოდა“, – იხუმრა სკვერნელისმა პერნავასთან შეხვედრის შესახებ და დასძინა: „უფრო სერიოზულად რომ ვთქვა, ისინი პროფესიონალები არიან. ვერაფერს ვუსაყვედურებ მათ, ვინც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს“.
გასულ კვირას, სამართალდამცავებმა დეპუტატ კაზის სტარკევიჩიუსის საპარლამენტო კაბინეტი და საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. მან კონსერვატიული პარტია „სამშობლოს კავშირი – ლიეტუვას ქრისტიან-დემოკრატების“ (TS-LKD) წევრობა დროებით შეიჩერა და STT-ში დასაკითხად გამოცხადდა, თუმცა, მედიის ცნობით, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ორივე პოლიტიკოსი სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც პროკურატურამ, მცენარეთა დაცვის სახელმწიფო სამსახურში სავარაუდო სისტემური მექრთამეობის ეჭვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ მცენარეების ექსპორტიორ კომპანიებს, ფიტო-სანიტარული სერტიფიკატების მიღების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ქრთამის გადახდას სთხოვდნენ. სკვერნელისი და სტარკევიჩიუსი შესაძლო პოლიტიკური პროტექციონიზმის საკითხზე სპეციალური მოწმეების სტატუსით გამოიკითხნენ.
STT-ში დაახლოებით ერთსაათიანი ყოფნის შემდეგ, სკვერნელისმა განაცხადა, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენი და ვერ ხედავს იმის საფუძველს, რომ პროკურორებმა პარლამენტს მისი იმუნიტეტის მოხსნა მოსთხოვონ. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დარჩენის საკითხზე იფიქრებს.
„გადაწყვეტილების მიღება დღესვე შემიძლია, ასევე გუშინაც შემეძლო, მაგრამ მერე შეიძლება დაიწყოს სპეკულაციები, რომ რაღაც რიგზე არ არის. ამიტომ, ამ ნაბიჯს არ ვდგამ“, – აღნიშნა მან და დაამატა: „მე ვგრძნობ პარტიის მხარდაჭერას, მაგრამ მესმის ის ვითარება, რაც ამ საპროცესო ზომების შემდეგ შეიქმნა. ეს იყო დარტყმა ჩემთვისაც და პარტიისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ამასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის სუსტი წერტილი, რომლის გამოყენებაც ოპონენტებს შეუძლიათ. უცნაური ის უფრო იქნებოდა, ეს შანსი რომ არ გამოეყენებინათ. მე მაქვს სათადარიგო A, B და C ვარიანტები და მათ 23 თებერვალს გამგეობის სხდომაზე განვიხილავთ“.
სკვერნელისის თქმით, მას არანაირი პრეტენზია არ აქვს თავის ყოფილ მრჩეველ აგნე შილიცკიენესთან, რომელიც კორუფციის საქმეში ასევე ფიგურირებს და გასულ კვირას გამოიკითხა. „ჩვენი ურთიერთობა კარგი, მეგობრული და კოლეგიალურია“, -განაცხადა მან.
ვილაიუსის პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, მატას ბალტრუკევიჩიუსის შეფასებით, ოფიციალურად ეჭვების არარსებობის მიუხედავად, ექს-პრემიერისთვის რეპუტაციული ზიანი უკვე დადგა.
„ზოგიერთი ადამიანი, შესაძლოა, მოვლენების განვითარებას თვალს არ ადევნებს. თუ ყველაფერი კეთილად დასრულდება, მაშინ ეს ამბავი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა. მაგრამ ხალხს ის მაინც ემახსოვრება, რომ იყო ჩხრეკები და დაკითხვები. ამიტომ, საზოგადოებრივი რეპუტაციის კუთხით, ეს საქმე მომგებიანი არ არის“, – განაცხადა მან.

ერთი დღე STT-ში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2024-2025 წლებში, გინტაუტას პალუცკასმაც გაატარა, როგორც სპეციალურმა მოწმემ საქმეზე, რომელიც უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებას და უკანონო გამდიდრებას ეხება. ამ საქმეზე გამოძიების დაწყება პალუცკასის ბიზნეს-გარიგებების საკითხზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს მოჰყვა.
„ვპასუხობდი იმაზე, რასაც მეკითხებოდნენ. განვმარტე ის, რაც ვიცოდი. ყველაფერი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მიდის. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დასრულდება“, – განაცხადა პალუცკასმა დაკითხვის შემდეგ.
როგორც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე, ისე პარლამენტის სპიკერი იუოზას ოლეკასი მიიჩნევენ, რომ პალუცკასმა პარტიის წევრობის შეჩერებაზე უნდა იფიქროს.

„ჩვენი კანონმდებლობით, ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ ნებისმიერი ასეთი დისტანცირება პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, მან უნდა იფიქროს, არის თუ არა ამის გაკეთება აუცილებელი. მან უკეთ იცის, რა სიტუაციაშიც იმყოფება“, – აღნიშნა ოლეკასმა.
პალუცკასის თქმით, სიტუაციას ის აუცილებლად აწონ-დაწონის. „თუ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, საზოგადოებას ვაცნობებ“, – განაცხადამან.
ლიეტუვის კანონმდებლობის თანახმად, სპეციალური მოწმის სტატუსი ნიშნავს, რომ გამომძიებლებს არა აქვთ საკმარისი მტკიცებულებებ ბრალის ოფიციალურად წასაყენებლად, ან არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგალითად, იმის გამო, რომ პირს სამართლებრივი იმუნიტეტი იცავს. პარლამენტის წევრების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ სეიმის თანხმობითაა შესაძლებელი.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2843138/lithuania-s-two-former-pms-get-questioned-in-separate-criminal-probes
