ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი და რასაკვირველია, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ჩვენ შეგვიძლია, დავიკვეხნოთ კიდეც, რომ სწორედ ამ პრინციპებით, ცხოვრობდა საქართველო 2012 წლიდან მოყოლებული და ამ პრინციპების ერთგულებამ გადაგვარჩინა იმ სისხლისგან, რაც თუნდაც უკრაინაში იღვრება.
ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი და რასაკვირველია, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი, რომელიც მით უმეტეს, მიათრევს ამ ქვეყანას თუ ქვეყნებს იმ ცეცხლში, რომელიც თავადვე დაანთეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაერთიანების მართვის ბერკეტები იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც არავის აურჩევია.
„მართვის ბერკეტები არის ადამიანების ხელში, რომლებიც მართლაც არავის აურჩევია და ევროპის მოსახლეობა, საზოგადოება – ახლა რომ არჩევნები იყოს ევროპის სივრცეში, ნაკლებად დაუჭერს მხარს ნებისმიერ კომისარს, რომელიც თუნდაც, საქართველოს მიმართ ხისტი საუბრით გამოირჩევა.
[აშშ-ის]ადმინისტრაცია, რომელიც გამოხატავს პრეტენზიას, ასეთი სიტყვებით აფასებს ევროკავშირს, თავის დასკვნებში მართალია – სიმართლეს ამბობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა არაორაზროვნად, რომ იგი გაატარებს თავის პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებში უპირისპირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას ნებისმიერი მიმართულებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტოებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლება აღარ დააფინანსებს და მხარსაც არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
