უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის 10 000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
მან ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „კიოდო ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, ის, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) ჯარისკაცები რუსეთში „თანამედროვე ჰიბრიდული ომის“ გამოცდილებასა და ცოდნას იძენენ, მეტად საშიში ფენომენია.
„ისინი (ჩრდილოკორეელი სამხედროები – რედ.) სწავლობენ, როგორ დაუპირისპირდნენ რაკეტებს, სხვადასხვა ტიპის დრონებს, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის მქონე დრონებს – FPV-დან დაწყებული და შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული. ისინი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე გადიან წვრთნას, რადგან ჩვენ რუსულ თავდასხმებს ვპასუხობთ. ასე რომ, მათ აქვთ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. რას იზამენ ისინი ამ ცოდნით? მინიმუმ, ამ გამოცდილებასა და ცოდნას სახლში, ჩრდილოეთ კორეაში წაიღებენ“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
რა არის ცნობილი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართულობის შესახებ
2024 წლის 13 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა „თავიანთ ალიანსს აძლიერებენ“ და ამაში იგულისხმება არა მხოლოდ მოსკოვისთვის იარაღის გადაცემა, არამედ რუსული ძალებისთვის „ადამიანური რესურსების მიწოდებაც“. უკვე 14 ოქტომბერს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა „ფაქტობრივად შეუერთდა“ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 11 000 ჯარისკაცს უკრაინაში საბრძოლველად ამზადებდნენ. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმაც დაადასტურა. ჩრდილოეთ კორეამ ამ ცნობებს „უსაფუძვლო ჭორები“ უწოდა, გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მოსკოვთან ფხენიანის ურთიერთობა „ლეგიტიმურია და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული“.
5 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ კურსკის (რუსეთი) ოლქში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს შორის, „პირველი შეტაკებები“ მოხდა.
14 დეკემბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციების დროს ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების რიგებში პირველი დანაკარგის შესახებ ისაუბრა. მისი თქ მით, რუსები „დაღუპულ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს უწვავდნენ სახეებს, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით“, დანაკარგების დასამალად.
2025 წლის 11 იანვარს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ორი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ამ ტყვეებთან წვდომის უზრუნველყოფა დაავალა. სამხრეთ კორეამ გამოაცხადა, რომ მზად იყო, მიეღო ჩრდილოკორეელი ტყვეები, რადგან ის ჩრდილოეთ კორეის ფაქტობრივად ყველა მცხოვრებს თავის მოქალაქედ აღიარებს.
2025 წლის იანვრის შუა რიცხვების მონაცემებით, კურსკის ოლქში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით ათასი ჯარისკაცი დაიღუპა.
2025 წლის 28 აპრილს, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად აღიარა უკრაინის წინააღმდეგ ომში თავისი სამხედროების მონაწილეობა.
უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (Suspilne) ინტერვიუში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა.
https://suspilne.media/1245456-u-rf-zaraz-perebuvae-10-tisac-pivnicnokorejskih-soldativ-zelenskij/
