კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინის კონფლიქტში ჩარევის გადაწყვეტილებამ ის ბევრად უფრო ფართო დაპირისპირებად აქცია.
„ამ კონფლიქტში დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების პირდაპირი ჩარევის შემდეგ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ფაქტობრივად, გადაიზარდა ბევრად უფრო დიდ დაპირისპირებაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, რომლებსაც დღემდე აქვთ მიზნად დასახული ჩვენი ქვეყნის განადგურება“, – აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინაში ათიათასობით რუსი ჯარისკაცის შესვლიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, პესკოვი ამბობს, რომ მართალია, ბრძოლები გრძელდება, მაგრამ მოსკოვი კვლავ მზად არის, საკუთარ მიზნებს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მიაღწიოს.
დიპლომატიური არხებით მშვიდობის დამყარების შესაძლებლობის დადასტურების მიუხედავად, კრემლის პრეს-სპიკერი დასძენს, რომ მას არ შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – აღნიშნა მან.
ამასთან, მოსკოვი განმარტავს, რომ რადგან სპეციალური ოპერაციის „ბევრი“ მიზანი „ჯერ არ არის მიღწეული“, სამხედრო კონფლიქტი გაგრძელდება.
კითხვაზე, სჯერა თუ არა მოსკოვს, რომ კონფლიქტი შეიძლება მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს, პესკოვმა უპასუხა: „ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია – ვაგრძელებთ ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად. ყველაფერი კიევის რეჟიმის ქმედებებზეა დამოკიდებული.“
„მიზნები ჯერ არ არის მიღწეული, რის გამოც სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა რუსული შეტევის დაწყების მეოთხე წლისთავზე.
პრესკონფერენციაზე პესკოვმა ასევე თქვა, რომ კრემლის მიერ უკრაინაში დასახული „ბევრი“ მიზანი უკვე მიღწეულია და იქვე დაამატა, რომ მოსკოვის „მთავარი მიზანს“ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები „ხალხის უსაფრთხოების“ გარანტიის მიღება წარმოადგენს.
„ტელეგრამმა“ კანონი რამდენჯერმე დაარღვია
კრემლის პრეს-სპიკერმა პრესკონფერენციაზე ონლაინ პლატფორმა „ტელეგრამის“ შესახებაც ისაუბრა, რომელსაც მოსკოვი კანონის მრავალგზის დარღვევასა და რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმაში ადანაშაულებს.
„ხელისუფლებამ „ტელეგრამის“ მიერ ჩადენილი უამრავი დარღვევა დააფიქსირა და ამის საპასუხოდ, შესაბამის ზომებს იღებს“, – ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთმა „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც „ტერორიზმის ხელშეწყობას“ გულისხმობს.
თავის მხრივ, „ტელეგრამმა“ რომელიც რუსეთსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ფართოდ გამოიყენება, ბოლო დღეებში რუსეთის არაერთი ბრალდება უარყო იმის შესახებ, რომ აპლიკაცია კრიმინალური ელემენტების საქმიანობის ადგილს წარმოადგენს და ის დასავლური და უკრაინული სპეცსამსახურების მიერ არის კომპრომეტირებული.
რუსეთი ცდილობს, დაბლოკოს „ტელეგრამი“, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ფართოდ გამოიყენება როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში. კრენლის სურვილია, ათობით მილიონი რუსი მომხმარებელი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ „ტელეგრამის“ ალტერნატივაზე, MAX-ზე გადაამისამართოს.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვირტუალურ კერძო ქსელებთან (VPN) და შეტყობინებების ისეთ აპლიკაციებთან ბრძოლა, როგორიცაა „ვოტსაპი“ და „ტელეგრამი“, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რადგან მოსკოვი უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მომაკვდინებელ თავდასხმებს, დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან კი სავარაუდო დივერსიის მცდელობებს აწყდება.
2013 წლიდან, როდესაც „ტელეგრამი“ შეიქმნა, ის რუსეთში ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში 1200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჯარისკაცებისთვის.
აპლიკაციას იყენებენ კრემლი, პრორუსი ბლოგერები და პუტინის მხარდამჭერი პროპაგანდისტები, ისევე როგორც საზღვარგარეთ პუტინის ოპოზიციაში მყოფი ჯგუფები, მზარდი ნაციონალისტური ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლება, მათ შორის – პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
https://www.rtp.pt/noticias/guerra-na-ucrania/kremlin-afirma-que-apoio-do-ocidente-a-ucrania-agravou-o-conflito_n1721229
