დამოუკიდებელი მედიების მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე, უარგუმენტო და აბსურდულ ბრალდებებზე ბრიტანეთის საელჩო მე-6 დღეა დუმს .
ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრა, სამართლებრივადაც რომ გაუმართლებელია, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა. ბექა ძამაშვილის თქმით, ბრიტანეთის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ტელევიზია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. ხოლო ფორმა, რომლითაც გაერთიანებულმა სამეფომ იერიში ქართულ მედიაზე მიიტანა, ემსახურება სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეში ჩარევასა და მედია პლურალიზმის დაზიანებას.
„საუბარია სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეჭრაზე და იქ მედიის თავისუფლებაში ჩარევაზე. ასეთი პრეცედენტები იშვიათია, შეიძლება ითქვას, რომ ახლა არის მცდელობა, რომ ასეთი პრეცედენტები დაინერგოს. გადაწყვეტილებაც ისეთი ფორმით არის მიღებული, რომ შეიძლება ითქვას, რომ გასულია სამართლებრივი სივრცისგან, რადგან ამას არ ჰქონია სასამართლო ზედამხედველობა, ეს მიღებულია პოლიტიკური ორგანოს მიერ, გადაწყვეტილების საფუძვლად რამდენიმე წინადადებაა გამოქვეყნებული და იქაც თავად აღიარებენ ფაქტობრივად, რომ არანაირ მტკიცებულებას, ან ფაქტებს არ ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, არამედ ეფუძნება მათ ვარაუდებსა და ეჭვებს“, – განაცხადა ძამაშვილმა.
