ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის განცხადებით, ესტონეთის მახლობლად, ფსკოვში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ძლიერი აფეთქება, სავარაუდოდ, საწვავის საცავს უკავშირდება.
სოციალურ მედიაში, რომლებიც უკრაინის ომს აშუქებენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთში, ფსკოვის ოლქში განლაგებული 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ბაზაზე, სამშაბათს ძლიერი აფეთქება მოხდა.
„აფეთქების მიზეზი უცნობია,“ – დაწერა იგორ სუშკომ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
სამშაბათს საღამოს, პევკურმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (ERR) განუცხადა, რომ უკრაინულ მხარეს რუსული სამხედრო ტექნიკისთვის არ დაურტყამთ და ფსკოვში არსებულ ბაზაზე, დიდი ალბათობით, საწვავის საცავი აფეთქდა.
„ინფორმაცია გადამოწმებას და დაზუსტებას საჭიროებს, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეს ამბავი სამხედრო ობიექტზე არსებულ საწვავის საცავს უკავშირდება,“ – აღნიშნა მან.
აფეთქების ადგილი ესტონეთის საზღვრიდან 32 კილომეტრში, ხოლო ლატვიიდან – 48 კილომეტრში მდებარეობს.
ფსკოვის სადესანტო-მოიერიშე დივიზიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ელიტურ ქვედანაყოფად მიიჩნევა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიული ომის დროს განადგურდა. თუმცა, აღნიშნულ ბაზაზე, სავარაუდოდ, ახალი ჯარისკაცების სწავლება მიმდინარეობს.
