უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში არჩევნები ვერ ჩატარდება, რის გამოც კიევი ვაშინგტონთან კონფრონტაციის გზას დაადგა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ოფიციალური სამუშაო ჯგუფის წევრებს პარლამენტისთვის გასული თვის ბოლოს კანონპროექტი უნდა შეეთავაზებინათ, მაგრამ, სამართლიანი, რუსეთის თავდასხმებისა და ჩარევებისგან თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად რიგი საკითხები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
სამუშაო ჯგუფი მუშაობის გაგრძელებას მაისამდე გეგმავს, თუმცა მისი წევრები უკვე ახლა თანხმდებიან, რომ უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანია ცეცხლის შეწყვეტიდან ექვსი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მიმდინარე წელს არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.
„ყველა, პარლამენტის წევრების ჩათვლით, თანხმდება, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა უნდა შეწყდეს, უნდა გაივლოს მკაფიო გამყოფი ხაზი და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო იქნება ექვსთვიანი ვადა. თარიღი უკვე გადაწეულია. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ სისტემა იმუშავებს აპრილსა და მაისშიც, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია“, – ციტირებს The Times-ი უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგეი დუბოვიკს.
