ოფიციალური შედეგების თანახმად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ, ამომრჩეველთა დაახლოებით 53.7-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა მელონის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებს, ხოლო 46.26-მა პროცენტმა მათ მხარი დაუჭირა.
„იტალიელებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ კი ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ გზას – როგორც ყოველთვის – პასუხისმგებლობით, შემართებით და იტალიელი ხალხისა და იტალიისადმი პატივისცემით“, – აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
რეფერენდუმში მარცხი, სავარაუდოდ, შეასუსტებს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ პოზიციებს, რაც ყველაზე კრიტიკული იქნება მომავალი წლის საყოველთაო არჩევნების წინ.
ამომრჩევლებს სთხოვდნენ, მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის, რომლებიც ეხება მოსამართლეებისა და პროკურორების მართვისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, მათ შორის მათი კარიერული გზების გამიჯვნასა და საზედამხედველო ორგანოების რეფორმირებას.
