გასულ თვეში ოქროს ფასი თითქმის 12 პროცენტით დაეცა.
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ოქროს ფასზეც სერიოზული გავლენა მოახდინა. საერთაშორისო ბაზრებზე „ყვითელი ლითონის“ ფასი, ბოლო კვირების განმავლობაში, ასობით დოლარით დაეცა. რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის და რა მიმართულებით წავა მსოფლიო ეკონომიკა?
გასულ თვეში ოქროს ფასი თითქმის 12%-ით დაეცა. ექსპერტები ამ ფინანსურ რყევას ისრაელ-ირანის კონფლიქტის შედეგებს უკავშირებენ.
ივაილო ჩაუშევი, ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი: „ნავთობზე ფასების ზრდა დოლარზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, როდესაც ბაზრის წამყვანი მოთამაშეები ოქროს ყიდვას წყვეტენ და მასში ჩადებულ ფულს უკან იბრუნებენ, რაც ფასების ზვავისებურ ვარდნას განაპირობებს“.
ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების მიერ ნავთობის, გაზისა და აზოტოვანი სასუქების ექსპორტის შეჩერება პირდაპირ ურტყამს მათ ძირითად შემოსავლებს.
მაქს ბაკლაიანი, ძვირფას ლითონებით მოვაჭრე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი: „წარმოიდგინეთ ქვეყნები, რომელთა შემოსავალი 50-60-70%-ით შემცირდა, ანუ მათ, ეკონომიკის გადასარჩენად, თავიანთი დანაზოგების გაყიდვა უწევთ. ძირითადი დანაზოგები, როგორც წესი, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები და ოქროა. თუ ისინი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების გაყიდვას დაიწყებენ, რაც ამერიკის ეკონომიკას ძალიან მძიმედ დაარტყამს, ამით ისინი ვაშინგტონთან გაფორმებულ ხელშეკრულებას დაარღვევენ. შესაბამისად, პირველი პროდუქტი, პირველი ყველაზე ლიკვიდური საქონელი, რომელიც უნდა გაიყიდოს, არის ოქრო“.
ვარაუდობენ, რომ ოქროს ფასი, ადრე თუ გვიან, აღდგება, თუმცა ექსპერტების თქმით, თუ კონფლიქტი გახანგრძლივდა, სიტუაცია, შესაძლოა, აპოკალიფსური გახდეს.
ივაილო ჩაუშევი, ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი: „უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ვვარაუდობ დოლარის შესუსტებას, რაც აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოლიტიკით, კერძოდ კი ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალი თავმჯდომარის მიერ საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო შემცირებით იქნება გამოწვეული, ხოლო ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, მაღალი დარჩება“. მაქს ბაკლაიანი, ძვირფას ლითონებით მოვაჭრე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი: „აშშ-ს არ შეუძლია 120 დოლარზე ძვირი ნავთობის შეძენის უფლება მისცეს თავს, ირანი კი 200 დოლარზე საუბრობს. 200-დოლარიანი ნავთობი მსოფლიო ეკონომიკას სასტიკად დაარტყამს – ეს ინფლაციურ რეცესიას გამოიწვევს“.
ექსპერტები ინვესტორებს დივერსიფიცირებული პორტფელის შენარჩუნებას ურჩევენ, რათა ბაზრის მერყეობისგან დაცულები იყვნენ. თუმცა, დაბანდებული სახსრების დაკარგვის რისკს ნებისმიერი ინვესტიცია შეიცავს.
https://bntnews.bg/news/zatvaryaneto-na-ormuzkiya-protok-se-otrazi-na-cenata-na-zlatoto-1385356news.html
