დღეს ევროკავშირი, ხრწნის ბოლო სტადიაში რომ იყო საბჭოთა კავშირი, სწორედ იმ ფაზაშია შესული, – ამის შესახებ „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მაგალითად, სასამართლო რეფორმებს რომ განიხილავდნენ, თუ გახსოვთ, ბოლოს იქამდე მივიდნენ, ჩვენ დავნიშნავთ მოსამართლეებსო. ამას მერე პარლამენტის წევრებიც კი ამბობდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებით ფინანსდებიან. გამოდიოდნენ და ამბობდნენ, უცხოელებმა დანიშნონ მოსამართლეებიო. ვიოლა ფონ კრამონი ხომ გახსოვთ და ის, ერთმა ახალგაზრდამ მოლოტოვის კოქტეილი რომ ესროლა პოლიციელს და ცოცხლად წვავდა ადამიანს? ვიდეოში ჩანს, გადაღებული იყო, როგორ მოუკიდა ბენზინით სავსე ბოთლს ცეცხლი და ესროლა ცოცხალ კაცს. ჰოდა, ეს ვიოლა ფონ კრამონი ითხოვდა ამ პირის გათავისუფლებას და მერე გაათავისუფლეს ეს პირი, სალომე იყო მაშინ ჩვენდა სამარცხვინოდ პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. აქ ნიკა ჩიტაძე რომ ამბობდა, 300 კაცია დასახიჩრებულიო, რამდენი პოლიციელი იყო უმძიმესი ჭრილობებით? დასახიჩრება არავის არ არის კარგი, მაგრამ თავს როცა დაგესხმებიან, ბოდიში, მაგრამ კედელს ესროლე კენჭი და უკან დაგიბრუნდება ქმედება. ის პოლიციელი ახალგაზრდა კაცია და ცეცხლს რომ უკიდებ, ბენზინით სავსე ცეცხლმოკიდებულ ბოთლს რომ ესვრი, ის რას გააკეთებს? საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების რევოლუცია თუ გახსოვთ, ეს იყო მოძრაობა სოციალური მოთხოვნებით, სადაც არავინ არავის დამხობას არ ლამობდა, არავითარი ჩარევა არ იყო უცხო ქვეყნიდან, არაფერი არ ხდებოდა და 12 000 იყო დაზარალებული, პოლიციელებიც იყვნენ დაზარალებული და 3 500 კაცი ჰყავდა დაპატიმრებული მაკრონის ხელისუფლებას, მაგრამ ევროკავშირის არცერთ ბიუროკრატს არ გაუკეთებია განცხადება და არ გაუპროტესტებია, ეს და ეს გაათავისუფლეთ, რატომ არის ამდენი პატიმარიო და ა.შ.“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, ეს არის ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, რაშიც ქართული პოლიტიკური ელიტაა დამნაშავე.
„მინდა, გითხრათ, რომ ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენ თვითონ ვიქცეოდით ასე, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელოვნურად შექმნილი ელიტა, აი, სახალხო დამცველის მოადგილემ რომ თქვა, ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო. ორ შემთხვევას გავიხსენებ, რაც ეკრანზე გადიოდა, დავით ბერძენიშვილის და გიგა ბოკერიას ნათქვამს. დავით ბერძენიშვილმა პირდაპირ თქვა, აგერ ვართ ბატონო აგენტები ამერიკის დაზვერვისო და იგივე თქვა გიგა ბოკერიამ, ამერიკის აგენტობა მოსულაო. ანუ, ჩვენი ელიტის მორალი და ფსიქოლოგია არის დეგრადირებული“, – განაცხადა ბაღათურიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა ერეოდეს თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ეს მიუღებელია.
„საშინაო საქმეებში ჩაურევლობა საერთაშორისო სამართალში პირველად გაჩნდა 1630 წელს. ეს იყო 30-წლიანი ომი ევროპაში. ევროპა დაიცალა სისხლისგან, აღარც ხმლის მომქნევი იყო არავინ, აღარც თოხის ხელში დამკავებელი და ვესტფალიის ზავი შედგა შემდეგ. ამას ისტორიაში ომი ყველა ყველას წინააღმდეგ ერქვა და მაშინ მივიდნენ იქამდე, რომ საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, სუვერენიტეტი არის მნიშვნელოვანი და მოდი, ერთმანეთის საქმეებში არ ჩავერიოთო. რაც შეეხება ახლა იმას, შენ რომ სხვა ქვეყანაში ჯარით შეიჭრები, შეიძლება, ჩაერიოს ვიღაც, ან შეიძლება, ჩვენ ჩავერიოთ; თუ მაგალითად, ვიღაც სომხეთში შეიჭრება, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ შეიძლება, ჩავერიოთ და ვთქვათ, რომ ჩვენი მეზობელია და არ გვაწყობს დესტაბილიზაცია, თუ ამის თავი გვაქვს, პირობითად ვამბობ, შეიძლება, ჩავერიოთ და ვთქვათ, რომ სომხეთიდან უნდა გაიყვანო შენ შენი არმია. ასეთი რაღაცები ხდება და გასაგებია, მაგრამ პარლამენტში ვინ უნდა იყოს, ამას რომ მიმითითებ, ეს საშინაო საქმეებში ჩარევაა“, – განაცხადა ბაღათურიამ.
