ოფიციალური ვარშავის მიერ სამშაბათს, 31 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიამ სახელწოდებით „პოლონეთის ატომური ელექტროსადგურები“ (Polskie Elektrownie Jądrowe – PEJ) ატომური ენერგიის ეროვნულ სააგენტოს (PAA) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართა.
პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამ სიახლის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომის წინ გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება „მნიშვნელოვან პროგრესად“ შეაფასა.
განაცხადს თან ახლავს დანართი, რომელიც 40 000-გვერდიანი საპროექტო დოკუმენტაციისგან შედგება.
ატომური ელექტროსადგური პომერანიის სავოევოდოს სოფელ ხოჩევოში კონსორციუმ Westinghouse-Bechtel-ის მიერ აშენდება. მისი სამი რეაქტორი Westinghouse AP1000-ის ტექნოლოგიას დაეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ ავარიის შემთხვევაში, რეაქტორი ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე გაცივდება.
პირველი ბლოკის კომერციული ექსპლუატაციის დაწყება 2036 წელს, ხოლო დანარჩენი ორის – 2038 წლისთვის იგეგმება.
ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2028 წელს უნდა დაიწყოს.
ატომური ენერგიის ეროვნულ სააგენტოს (PAA), განაცხადის განსახილველად, ორწლიანი ვადა აქვს.
PEJ-ის პრეზიდენტმა, მარეკ ვოშჩიკმა ამ დღეს (31 მარტი) პროექტის ისტორიაში „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის მსგავსი ტიპის პირველი განაცხადი პოლონეთში, 1989 წლის შემდეგ.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)
