31 მარტს, თურქეთის პოლიციამ 50-ზე მეტი პირი დააკავა, რომელთა შორის არის სიდიდით მეოთხე ქალაქის, ბურსას ოპოზიციონერი მერი. პროკურატურა დაკავებულებს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, როგორც Turkish Minute იტყობინება, მერ მუსტაფა ბოზბეის დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ედება ბრალად ედება. თურქული გამოცემის თანახმად, ეს არის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეჟიმის მიერ მთავარი ოპოზიციური ძალის, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
პოლიციამ სამშაბათს თურქეთის ხუთ პროვინციაში 55 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის – მერი ბოზბეი, მისი მეუღლე, ქალიშვილი და ორი ძმა. გამოძიება ფოკუსირებულია ბურსის პროვინციის ნილიუფერის (Nilüfer) რაიონში სამშენებლო პროექტების განხორციელებისას დაშვებულ სავარაუდო დარღვევებზე. პროკურატურის მტკიცებით, დეველოპერებმა ადგილობრივი ჩინოვნიკები მოისყიდეს, რითაც დიდი სარგებელი მიიღეს. გამოძიება მოიცავს 1999-დან 2019 წლამდე პერიოდს, როდესაც ნილიუფერის მერი ბოზბეი იყო.
„სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაპატიმრებები დაგმო და განაცხადა, რომ მსგავსი რეიდები მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ მართულ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში ტარდება, მაშინ როცა იქ, სადაც ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP) ან მისი მოკავშირე, ულტრა-მემარჯვენე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ (MHP) იმყოფებიან მუნიციპალური ხელისუფლების სათავეში, მსგავსი ქმედებები არ ხორციელდება.
CHP-ის პოლიტიკოსების ბოლო დაკავებები განხორციელდა ზუსტად ორი წლის თავზე იმ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელშიც თურქეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ მმართველი AKP-ი დაამარცხა, ასევე ლიდერობა შეინარჩუნა დიდ ქალაქებში, მათ შორის – სტამბოლსა და ანკარაში. ამ დროიდან მოყოლებული, CHP-ის მიერ მართულ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში პროკურორებმა დაიწყეს საქმეების აღძვრა მერებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. თუმცა, ოპოზიცია ამას „პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას“ უწოდებს.
ყველაზე გახმაურებული გამოდგა ექრემ იმამოღლუს საქმე, რომელიც 2019-დან გასულ წლამდე სტამბოლის მერი იყო და 2025 წლის მარტში, კორუფციის ბრალდებით, კიდევ 100 ადამიანთან ერთად დააკავეს. ეს მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც CHP-მ იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად წარადგინა. მისმა დაპატიმრებამ თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო პროტესტი გამოიწვია.
