ონლაინ-გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას სერიოზულად განიხილავს, ხოლო მმართველი ბანაკის შესაძლო კანდიდატად სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი განიხილება.
გამოცემის თანახმად, რომელიც პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულ წყაროებს ეყრდნობა, ზელენსკის გუნდმა არჩევნების ჩატარების, მინიმუმ, ორი სცენარი შეიმუშავა.
ერთ-ერთი სცენარით, ზელენსკი ხელახალ კენჭისყრაზე უარს იტყვის და სახელისუფლებო გუნდის ოფიციალური კანდიდატი ბუდანოვი გახდება. სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, რომელმაც ანდრეი ერმაკის გადაყენების შემდეგ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა, როგორც ამბობენ, ზელენსკის ნდობით სარგებლობს.
„ზელენსკისთვის ამ არჩევნების დრამა არჩევანში მდგომარეობს: თავად იყაროს კენჭი, თუ ასპარეზი ბუდანოვს დაუთმოს, რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების დათმობის შემდეგ, მისი უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი გახდება“, – განუცხადა წყარომ „მედუზას“.
მეორე სცენარი ითვალისწინებს არჩევნებში თავად ზელენსკის მონაწილეობას, ხოლო ბუდანოვი შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტში საკვანძო კოალიციური პარტნიორი გახდება.
„მედუზას“ ცნობით, ამ სცენარების განხილვის მიღმა ორი მთავარი ფაქტორი დგას: მხარდაჭერის კლება და კორუფციული სკანდალები, მათ შორის ტიმურ მინდიჩის საქმე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული სახელმწიფო ენერგეტიკულ სექტორში თანხების სავარაუდო მითვისების სქემა. აღსანიშნავია, რომ ტიმურ მინდიჩი წყაროს მიერ პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრად და მეგობრად არის მოხსენიებული.
პოლონური მედია-პლატფორმა RMF24-ის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის მარტის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა 32%-დან თითქმის 50%-მდე მერყეობს.
ზელენსკი წინაშე ასევე მწვავედ დგას ლეგიტიმურობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ის, ფორმალურად, პირველი ვადით მართავს ქვეყანას, ფაქტობრივად მერვე წელია დგას ქვეყნის სათავეში, რადგან საომარმა მდგომარეობამ არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალა. შემდგომ არჩევნებში მონაწილეობით და მასში გამარჯვებით, ზელენსკი, შესაძლოა, გასცდეს კონსტიტუციით დადგენილ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 10-წლიან ლიმიტს, რაც ოპოზიციას მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს მისცემს.
„მედუზას“ ინფორმაციით, ზელენსკისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი და ახლა უკვე ელჩი ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი, რომელიც უკრაინაში კვლავ ფართო საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობს.
როგორც „მედუზა“ იუწყება, ზელენსკი სულ უფრო ხშირად ფიქრობს შესაძლო დამარცხებაზე და ამიტომ, ნებისმიერ ფასად პრეზიდენტობისთვის ბრძოლის ნაცვლად, თავის პოლიტიკურ მომავალს პარლამენტში მოიაზრებს. მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთთან შეჩერებული სამშვიდობო მოლაპარაკებები და რთული ურთიერთობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელმაც ზელენსკის საჯაროდ უწოდა „დაბრკოლება მშვიდობის გზაზე“.
