რამდენიმე ასეულმა ტაქსის მძღოლმა, კომპანია „ბოლტის“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად, რიგაში ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყო. მათ ავტომობილებზე გაკრული იყო ლატვიის დროშები და პლაკატები სლოგანებით: „ჩვენ არ ვართ მონები“, „24 საათი „ბოლტის“ გარეშე“, „ჩვენ გარეშე ვერაფერს გახდებით“, „ნუ გვწველით“… საპროტესტო აქციები რიგის გარდა, დაუგავპილსსა და ელგავაშიც გაიმართა.
რიგის ქუჩებში მანქანებით მოწყობილი საპროტესტო მარში, პოლიციის ესკორტის თანხლებით, 11:00 საათამდე გაგრძელდა, ხოლო პრესკონფერენცია და მიტინგი, ადგილობრივი დროით, 14:00 საათამდეა დაგეგმილი.
ავტომსვლელობის მარშრუტი ასეთი იყო: ზაკიუსალას სანაპირო – კუნძულის ხიდი – კრასტას ქუჩა – გენერალ რაძინშის სანაპირო – კარლის მილენბახის ქუჩა – ემილია ბენიამინის ქუჩა (ტრანსპორტის სამინისტრო) – 13 იანვრის ქუჩა – ქვის ხიდი – მუკუსალასის ქუჩა („ბოლტის“ ადმინისტრაციული შენობა) – მუკუსალასის წრიული გზა – კუნძულის ხიდი – ზაკიუსალას სანაპიროზე დაბრუნება.
ელგავაში გამართული აქციის გამო, ამ ქალაქში მოძრაობა არ შეზღუდულა. რიგაში კი, აქციის მიმდინარეობისას, შეზღუდვები დაწესდა რამდენიმე ცენტრალურ ქუჩასა და ხიდზე. შეზღუდვები შეეხო ავტომსვლელობის მარშრუტის გადამკვეთ ყველა ქუჩას, რის გამო დილის საათებში რიგის ცენტრსა და პარდაუგავაში მოძრაობა გართულებული იყო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასწარ მოუწოდა მოსახლობას, მარშრუტები წინასწარ დაეგეგმათ და მგზავრობის დროის გაზრდა გაეთვალისწინებინათ.
აქციის ორგანიზატორები: „ბოლტის“ მონოპოლიის შესაზღუდად, მთავრობას რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს
აქციის ორგანიზატორების განმარტებით, საპროტესტო აქცია იმის გამო ტარდება, რომ მთავრობამ არ შეასრულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანების ულტიმატუმი და არ გადადგა რეალური ნაბიჯები „ბოლტის“ მონოპოლიის შესაზღუდად.
ღონისძიების ორგანიზატორებმა პრობლემების განსახილველად მიიწვიეს ტარნსპორტის, ფინანსთა, ეკონომიკისა და კეთილდღეობის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე კონკურენციის საბჭოს, კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ბიუროს წერები და თავად კომპანია „ბოლტის“ ადგილობრივი ხელმძღვანელები.
პროტესტის ორგანიზატორები, ადგილობრივი მეწარმეების ბაზრიდან განდევნის ნაცვლად, მხარს უჭერენ სამართლიან, პროგნოზირებად და ჯანსაღ ტაქსების კონკურენციას და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას. მათი თქმით, პრიორიტეტებში უნდა შედიოდეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაც: მგზავრობის ფასი უნდა იყოს მკაფიო და დასაბუთებული. მათთვის მიუღებელია, როდესაც ერთი და იგივე მარშრუტი, „ბოლტის“ მიერ თვითნებურად დაწესებული კოეფიციენტების გამო, ხან 10 და ხან 20 ევრო ღირს. ორგანიზაციები მოითხოვენ ფასებით მანიპულირების დასრულებას, რაც ამახინჯებს ბაზარს და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა.
აქციის ორგანიზატორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ აქციზის გადასახადის შემცირებას შედეგი არ მოჰყოლია: საწვავის ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე მანამდე იყო, ხოლო დარგის გადარჩენის გეგმა კვლავ არ არსებობს.
„ბოლტი“: რიგაში მგზავრობა ხელმისაწვდომია, დაუგავპილსსა და ელგავაში – არა
ლატვიაში „ბოლტით“ მგზავრობის სერვისის ხელმძღვანელმა, კრისტინე ბეზერა-კერულფამ სააგენტო „ლეტას“ განუცხადა, რომ ორშაბათს, აქციის მიუხედავად, „ბოლტის“ აპლიკაციით მგზავრობის დაჯავშნა რიგაში კვლავ შესაძლებელი იყო, თუმცა ამის მსურველი ჩვეულებრივზე ნაკლები აღმოჩნდა. მისი თქმით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტობა და ეს, ჯერჯერობით, ხერხდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაუგავპილსსა და ელგავაში, სადაც ნაკლები მძღოლი ჰყავთ, სერვისზე წვდომა შეზღუდულია. გარდა ამისა, „ბოლტმა“ ამ ქალაქებში მომუშავე თავისი მძღოლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ორშაბათს, აქციებისა და ცალკეული პროვოკაციების გამო, იძულებულნი გახდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ – პირველ რიგში, საკუთარი და მგზავრების უსაფრთხოების გამო.
„ბოლტის“ წარმომადგენელმა დასძინა, რომ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები მისთვის გასაგებია და თავად პლატფორმაც მხარს უჭერს სამგზავრო გადაყვანების მთელი ინდუსტრიისთვის თანაბარი პირობების შექმნას. „ბოლტი“ ასევე ემხრობა ლიცენზიის მიღების პროცედურის გამარტივებას და უფრო მარტივ, მომხმარებელზე ორიენირებულ საგადასახადო ადმინისტრირებას.
როცა ლიეტუვაში ლიცენზია 8 ევრო ღირს, ლატვიელ მძღოლს ამაში 377 ევროს გადახდა უწევს. ეს გავლენას ახდენს ტრანსპორტირების ღირებულებასა და მის ხელმისაწვდომობაზე,“ – დაამატა მან.
ბეზერა-კერულფა იმედოვნებს, რომ დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დარგის ფუნქციონირებისთვის უფრო სამართლიანი და ეფექტური პირობების შექმნა.
https://rus.lsm.lv/statja/novosti/obschestvo/13.04.2026-foto-video-v-rige-daugavpilse-i-elgave-taksisty-protestuyut-protiv-politiki-bolt.a642630/
