ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებასთან გარიგების დადებასთან და ამით ომის დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც პროცესი დააზიანა.
როგორც CNN-ი წერს, დონალდ ტრამპმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ირანთან საუბარი პოსტებით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის საჯარო განცხადებებმა ისედაც მყიფე დიპლომატიური პროცესი დაანგრია. ირანელები თავს დამცირებულად გრძნობენ.
„ტრამპმა გააკეთა ზუსტად ის, რის შესახებაც მას არაერთხელ აფრთხილებდნენ: მან მოლაპარაკებების წარმოება პრესის მეშვეობით სცადა, სოციალურ ქსელებში აკეთებდა განცხადებებს მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც დასრულებული არ იყო“, – წერს ტელეარხი.
ერთ-ერთი წყარო ტელეარხს უყვება, რომ თეირანი განრისხებული იყო იმით, რომ ტრამპი წერდა დათმობების შესახებ, რომელზეც ირანი არ წასულა.
„ირანელებს არ მოეწონათ, რომ ტრამპი სოციალური ქსელის მეშვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამბობდა, რომ მათ საკითხები შეათანხმეს, ხოლო სინამდვილეში არაფერი შეუთანხმებიათ“, – ციტირებს CNN-ი წყაროს.
ტრამპმა რამდენიმე გამოცემას განუცხადა, რომ ირანი თითქოსდა დათანხმდა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე უვადოდ, გადასცეს აშშ-ს გამდიდრებული ურანი და ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ირანელებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
„პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ თეირანი აშშ-ის ბევრ საკამათო მოთხოვნას დათანხმდა. ირანის ოფიციალურმა პირებმა განცხადებების უმეტესობა უარყვეს“, – წერს CNN-ი.
თეირანის განსაკუთრებული შეშფოთება გამოწვეული იყო იმით, რომ ტრამპმა ისინი სუსტ მხარედ წარმოადგინა, აღნიშნავს CNN-ი.
ამასთან ერთად, როგორც ტელეარხი წერს, ამერიკულ ადმინისტრაციაში ქაოსია. ტრამპმა ჯერ განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უსაფრთხოების საკითხების გამო მოლაპარაკებებზე არ გაემგზავრება. მოგვიანებით ჩინოვნიკებმა ეს განცხადება უარყვეს. შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ვენსი უკვე პაკისტანის თავზეა, თუმცა ის ჯერ თეთრ სახლში იმყოფებოდა.
