კიევში 18 აპრილს მომხდარი ტერაქტის გამო, უკრაინის უმაღლეს რადაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამმა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრმა, რადაში მინისტრის გადაყენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიტანა.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ დეპუტატები საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა.
„ასეთი მცდელობები საფუძველს მოკლებულია. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა გადადგა, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. არავინ არავის ხელს არ აფარებს და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა, დასკვნები გააკეთა, დაძრა საჭირო შიდა პროცედურები“, – ციტირებს მედია არახამიას.
ცნობისათვის, 18 აპრილს უკრაინის დედაქალაქში შეიარაღებულმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. როგორც ირკვევა, ინციდენტისას ორი პოლიციელი ადგილიდან გაიქცა. ამის გამო უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა თანამდებობა დატოვა.
