სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება მაშინ, როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ბირჟა მაფიის“ კლიპზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, არავის აქვს უფლება „რომ პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს!”
„არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. არავითარ შემთხვევაში მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს და არ შეიძლება, რომ შური იძიოს ვინმემ, მით უმეტეს ამ ფორმით და მით უმეტეს პოლიციელებმა. მე ეს კლიპი ვნახე მხოლოდ და მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ. მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ კლიპმა. ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა. უბრალოდ სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება მაშინ, როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და, შესაბამისად, შეიძლება შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი. იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, მომავალი არ აქვს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.