“პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტზე, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომლები საუბრობდნენ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უკანონო კომპრომატების შეგროვება იგეგმებოდა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. სოფო კილაძე ცილისწამებას უწოდებს გავრცელებულ ინფრომაციას და აღნიშნულში ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ს ადანაშაულებს. როგორც კილაძე ამბობს, მას აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომელიც მან გადაამოწმა შესაბამის უწყებებთან და წყარობთან, რომ სუსის ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, და ყოფილი თანამშრომელი ნინო ნიქაბაძე ამ ინფორმაციას მისი შიდა ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე ავრცელებს.
„მედიის თავისუფლება არ მოიცავს ცილისწამების თავისუფლებას თავის თავში. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს სიუჟეტი, რომელიც გუშინ იყო გასული „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეკომპანიის მხრიდან იყო ცილისწამება, რადგან აშკარად ჩანდა, რომ ადამიანს ოჯახში ჰქონდა პრობლემები, წავიდა მეგობართან ერთად საზღვარგარეთ, გაიქცა, ამის გამოყენება ხდება ცილისმწამებლური მიზნებისთვის. ამ ადამიანის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურს შეასხან ლაფი, ეს არის ცილისწამება. ასეთი სიუჟეტები დემოკრატიის საწინააღმდეგოა, იმიტომ, რომ არის მცდელობა საზოგადოებრივი აზრის არასწორი მიმართულებისკენ წაყვანისა“, -აცხადებს კილაძე.