გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი მისწერა, რომელშიც სთავაზობს მათ უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭონ, რაც სრულყოფილ წევრობამდე შუალედური ნაბიჯი იქნებოდა და რუსეთის მიერ დაწყებულ ომს დაასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მერცის გეგმის თანახმად, ასოცირებული წევრობა უკრაინას ევროკავშირის სამიტებში მონაწილეობის უფლებას მისცემდა. თუმცა კიევს ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება არ ექნებოდა.
მერცი აგრეთვე სთავაზობს ევროკავშირის წევრებს უკრაინასთან მიმართებით აიღონ „პოლიტიკური ვალდებულება“ და ბლოკის ურთიერთდახმარების მუხლი აამოქმედონ, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს ვერ დაიბრუნებს და ნატოშიც ვერ შევა.
თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში უკრაინის სრულყოფილი გაწევრიანება ევროკავშირში არარეალურია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა კიევის გაწევრიანებას ევროკავშირში 2027 წლამდე გულისხმობს.
მერცის წინადადება ერთგვარი ოქროს შუალედის მოძებნის მცდელობას წარმოადგენს, წერს სააგენტო.
„ჩემი წინადადება უკრაინაში არსებულ განსაკუთრებულ ვითარებას ასახავს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება. ის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეამსუბუქებს“, – აღნიშნავს მერცი წერილში და ამბობს, რომ მისი წინადადება საჭიროა „არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“.
