აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს და მათ ყალბი ამბების გავრცელებაში სდებს ბრალს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ტელეკომპანია „სიენენი“ ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმებაში ბირთვულ იარაღზე საუბარი არ არის.
„ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელმა „სიენენმა“ დღეს რუტინულად განაცხადა, რომ ირანთან ჩემს ბირთვულ შეთანხმებაში ბირთვულ იარაღზე არ არის საუბარი, სინამდვილეში კი ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. შემდეგ ის ძალიან მკაფიოდ და დეტალურად განიხილავს ბირთვული იარაღის სხვადასხვა ასპექტს. სინამდვილეში, შეთანხმების უმეტესი ნაწილი სწორედ ამაზეა. „სიენენი“ და ყალბი ამბების სხვა მედიასაშუალებები დაბალი რეიტინგის მქონე მედიები არიან. ახალი მფლობელის პირობებშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე გამოსწორდეს!“, – წერს ის.
ამასთან, დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსიც“ გააკრიტიკა. მისი თქმით, გამოცემის სტატია მკითხველის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს იმას, რაც „სინამდვილეში ძალიან კარგია“. თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაციიდან „რადიკალი მემარცხენეები“ არ წასულან და ისინი გაათავისუფლეს.
„„ნიუ იორკ თაიმსმა“ დღეს გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს იურიდიული ნიჭის გასაოცარ გაქრობას“, თითქოს ეს ცუდი რამ იყოს, სინამდვილეში კი ეს ძალიან კარგია. ხალხი, ვინც მიდის, რადიკალი მემარცხენე დიფ სთეითის შეშლილები არიან, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს ქვეყანას და იარაღად აქცევენ მთავრობას. ბევრი მათგანი კი არ წავიდა, არამედ გაათავისუფლეს! წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ ამას წერს, მაგრამ ისე ჟღერს, თითქოს ეს საშინელი რამ იყოს, სინამდვილეში კი პირიქითაა. ჩვენ გვინდა ადამიანები, რომლებიც ამერიკას კვლავ დიდს გახდიან და არა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის განადგურებას, რომლებიც ობამამ და ბაიდენმა დანიშნეს და, ბევრ შემთხვევაში, ისინი თავიდანვე არ უნდა წარმოადგენდნენ აშშ-ს. დაე, ისინი მომავალში „უფრო დიდი, უკეთესი და ნათელი“ საქმეებისკენ ისწრაფვოდნენ – მე სრულად ვუჭერ მხარს ამას და ყველას წარმატებებს ვუსურვებ!“, – წერს დონალდ ტრამპი.
