რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა, – ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზეა ნათქვამი.
„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები ტრადიციულად მეგობრულ ხასიათს ატარებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი შემდგომი თანმიმდევრული განვითარებით. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს“, – ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
ბოლო პერიოდში რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. მოსკოვი ფაშინიანს მთავრობას პროდასავლური საგარეო კურსის გატარებაში ადანაშაულებს. ერევნის მიერ ევროკავშირთან დაახლოების მცდელობების საპასუხოდ, რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა.
მაისის ბოლოს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული „კრიზისი“ დაიწყო იმ ვითარების მსგავსი პროცესით, რაც, მისი თქმით, დღეს სომხეთში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 29 მაისს რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ხელისუფლებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი და საბოლოოდ გადაწყვიტოს, რჩება თუ არა სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად.
