გვიან ღამით აზოვის ზღვაში ორ სატვირთო ტანკერს Natra-ს და Zircon-ს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს ღამით დრონებით განხორციელდა თავდასხმა ორ უცხოურ სატვირთო გემზე, რომელთა ბორტზე საერთო ჯამში აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენს. რუსული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად ჩვენი ხუთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაშავებულები რუსეთის ქალაქ იეისკის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ. ამჟამად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულ მუშაობას აწარმოებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და დაინტერესებული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე, დასძინეს საგარეო უწყებაში.
