ევროკავშირში აშშ-ის ელჩის ენდრიუ პაზდერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ეხებოდა, არასწორად იქნა გაგებული.
ბრიუსელის ეკონომიკური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში აღნიშნა, რომ „შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ გრენლანდიის ტერიტორიულ მთლიანობას ვემუქრებოდით, თუმცა პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს, რომ იქ შეჭრას ვაპირებდით“.
პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან მიერთების იდეა და სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც არ გამორიცხა, რამაც ევროპაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
პაზდერის თქმით, ტრამპის განცხადებების მთავარი მიზანი გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოჩენა იყო, თუმცა ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღქმულიყო.
პაზდერმა ევროპული ქვეყნების რეაქცია ტრამპის განცხადებებზე კაპუჩინოს ქაფს შეადარა. „როდესაც კაპუჩინოს უკვეთავთ, მას ყავის გამო სვამთ და არა ქაფის გამო. ამიტომ ყურადღება ყავაზე უნდა გავამახვილოთ და არა ქაფზე. ამ ამბავში ბევრი რამ სწორედ ქაფს ჰგავს“, – განაცხადა მან.
