თაღლითურ ქეისებში არსებობდა დოკუმენტები, თითქოს წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებს, გაყალბებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბარათები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, სადაც თითქოს მითითებული იყო, რომ მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, რეალურად საქართველოში მათი გამოკითხვის დროსაც დადასტურდა ის ფაქტი, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული.
„იყო ძალიან ბევრი დოკუმენტი თითქოს იმ ადამიანების მიერ შედგენილი, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებაში, თუმცა გადამოწმების დროს დადგინდა, რომ ასეთი ადამიანი იმ დაწესებულებაში არანაირ თანამდებობას არ იკავებდა.
მეორე შემთხვევა შეეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთი IP მისამართიდან გაგზავნილი იყო 65 მოქალაქის სავიზო განაცხადი და ასევე საეჭვო იყო სავიზო განაცხადში მითითებული ინფორმაციები. ფაქტობრივად გამოძიების დაწყებისთანავე, პირველივე ეტაპზე საქართველოს პროკურატურა და აშშ-ის რეგიონული უსაფრთხოების სამსახური ერთობლივად მუშაობენ და რამდენიმე თვეში, მალევე გამოვლინდა ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. აშშ-ის საელჩომ ყველა იმ მოქალაქეს გაუუქმა ვიზები. შესაბამისად მათი მხრიდანაც მოხდა რეაგირება“, – აღნიშნა გიორგი მიქაიამ.
