ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც მან ჟურნალისტებს დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძისთვის, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე განაჩენის გამოტანის შეფასებისას განუცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები ჰქონდა დევნოზაშვილის წინააღმდეგ.
“გამოძიება დიდი ხანი მუშაობდა. გარკვეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროკურატურა იქნებოდა მართალი და მტკიცებულებებით გამყარებული, როცა დევნოზაშვილს ბრალი წაუყენა. დარწმუნებული ვარ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება სარწმუნო სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ჩვენს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალოს”, – აღნიშნა ნათია გედენიძემ.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.