მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს უსამართლო პატიმრად მიიჩნევს. როგორც მან ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა, უცოდველი და უდანაშაულო არავინ არაა და გამონაკლისი არც მამა გიორგია.
“ერთ ადამიანს ვნახულობდი საპატიმროში და მოვიკითხავდი. ის იყო ბიზნესმენი, ცრუ ბრალდებით დაკავებული. ის ამბობდა, რომ მეუფე, რა თქმა უნდა, არ ვარ მე უდანაშაულო ანუ უცოდველი, როგორც თოთოეული ჩვენთაგანი, მაგრამ ვარ უსამართლო პატიმარი. მამა გიორგიც, მიმაჩნია, რომ უსამართლო პატიმარია. უცოდველი და უდანაშაულო არავინ არ ვართ და მათ შორის გამონაკლისი არც მამა გიორგია. ვერ წარმომიდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაშიც დაიბადა აზრი, რომ ვიღაცის ლიკვიდაცია მომხდარიყო. ეს არის გამორიცხული. ეს არის აბსურდი და მიმაჩნია, რომ აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლოსთვის დიდი გამოწვევაა.