შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორი თანასოფლელის მიმართულებითაც განახორციელა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილი.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ინფორმაციას ფლობდა სამი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
