მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში, შუამთობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და მხარის განსაკუთრებულ ბუნებაზე, კულტურასა და ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება.
“გილოცავთ შუამთობას, რომელიც გამორჩეული დღესასწაულია არა მარტო მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მაღალმთიან აჭარაში ამოვდივართ. ეს კუთხე გამორჩეულია განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ამას ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. რეგიონი წლიდან წლამდე ვითარდება, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.
გაიმართა საპატიო ხულოელების დაჯილდოების ცერემონია.
პრემიერ-მინისტრი ბეშუმში შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას დაესწრო.






























