„ნაციონალური მოძრაობის“ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომაზე არაფერი არალეგიტიმური არ იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა.
„ძალიან გამიკვირდა თინა ბოკუჩავას განცხადება. ამ სხდომაში არაფერი არალეგიტიმური არ იყო. კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა. იქ იყო უამრავი ადამიანი და დამსწრე, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, ოქმს მიიღებს ყველა წევრი, როცა ეს ოქმი მზად იქნება თავისი ხელმოწერებით და ნახავენ, ვინ ესწრებოდა და არ ესწრებოდა. ანშლაგი ნამდვილად არ იყო, რადგან ბევრს არ ჰქონდა საშუალება, დასწრებოდა, თუმცა ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა რეგიონიდან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ვერ გეტყვით. ყველა შემთხვევაში, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეეძლო, პარტიას დაენიშნა ყრილობა. ამას არავითარი მანიპულაცია არ სჭირდებოდა. შეიძლება, თინას გარკვეული წყენები ჰქონდეს, რადგან ჩვენ იმ სტატუსს, რაც ახლა გვაქვს – პარტიის თავმჯდომარეს, დიდი ალბათობით, აღარ ავირჩევთ ამ ყრილობაზე, რადგან გვინდა, რომ აღარც თავმჯდომარე ავირჩიოთ ისეთი ფორმით, როგორითაც ახლაა, აღარც გენერალური მდივანი. გვინდა, იყოს მართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციას“, – აღნიშნა ბარამიძემ.
