შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოცმა მეხანძრე-მაშველმა სამხედრო ტოპოგრაფიის კურსი გაიარა.
სწავლების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.
კურსი გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე, ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ადგილმდებარეობაზე ორიენტირება, ტოპოგრაფიულ რუკებთან მუშაობა, მიმართულებებისა და მანძილების განსაზღვრა, კოორდინატებისა და ადგილსამყოფელის დადგენა, ასევე სახმელეთო ნავიგაციის დაგეგმვა და პრაქტიკული შესრულება.
კურსის დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
